სპორტის კვლევების საერთაშორისო ორგანიზაცია CIES-მა პერსპექტიული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა. აღნიშნულ ჩამონათვალში საქართველოს ეროვნული ნაკრების და მოსკოვის “სპარტაკის” შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და დონეცკის “ოლიმპიკის” მეკარე, უკრაინის მოქალაქე ზაურ მახარაძე მოხვდნენ.
მომავალ ვარსკვლავთა რეიტინგი საფეხბურთო ჩემპიონატის დონით, ფეხბურთელის ასაკით და სათამაშო ამპლუით განისაზღვრება. ჯანო ანანიძე 23-წლამდელებში მოხვდა. რუსეთის პირველობა საშუალო დონის ჩემპიონატებშია შეყვანილი. ქართველი ფეხბურთელი კი 66.6 ქულით შეტევ ნახევარმცველთა სიაში მესამე ადგილზე იმყოფება. ჯანო მხოლოდ მოსკოვის ცსკა-ს და “ალკმაარის” მოთამაშეებს გეორგი მილანოვს და მარკუს ჰენრიკსენს ჩამორჩა.
ქართული ფესვების მქონე უკრაინის მოქალაქე ზაურ მახარაძე 22-წლამდე მეკარეთა საშუალო დონის ლიგის ჩამონათვალში მოხვდა. “ოლიმპიკის” მეკარეს 19.7 ქულა მიანიჭეს და პირველ ადგილზეა. აღნიშნული ასაკის ტოპ-ჩემპიონატების სათავეს მეკარეებში მადრიდის “ატლეტიკოს” ფეხბურთელი იან ობლაკი ლიდერობს.
სტატისტიკაში ვერ მოხვდა “ვიტესის” ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი. პერსპექტიულ ფეხბურთელთა შორის არნემელთაგან 22-წლამდე ფეხბურთელთა შორის საშუალო დონის ლიგაში თავდამსხმელი ზაკარია ლაბიადი და ცენტრალური ნახევარმცველი ჯოშუა მაკიჩრანი შეიყვანეს. 21-წლამდელებში მცველის პოზიციაზე კიდევ ერთი “ვიტესის” ფეხბურთელი უოლას ოლივეირა მოხვდა, 20-წლამდელებში თავდამსხმელის პოზიციაზე კი – ბერტრანდ ტრაორე.
CIES-მა აღნიშნულ გამოკვლევაში ევროპის 31 ქვეყნის ჩემპიონატი შეიყვანა. ლოგიკურია ტოპ-ლიგებში მოხვდა ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ესპანეთის ჩემპიონატები.
საშუალო დონის ჩემპიონატების ჩამონათვალი შემდეგი ქვეყნის ლიგებმა დაიკავეს: ბელგია, საბერძნეთი, ჰოლანდია, პორტუგალია, რუსეთი, თურქეთი და უკრაინა.
ავსტრია, ბელარუსი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, უნგრეთი, ისრაელი, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, შოტლანდია, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, შვეიცარია – აღნიშნული ქვეყნების ჩემპიონატები განვითარებადი ლიგის ჩამონათვალში მოხვდენენ.
20-წლამდელებს შორის მომავალ ვარსკვლავთა სიაში მოხვდენენ ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან: ლუკ შოუ (“მანჩესტერ იუნაიტედი”), კალუმ ჩამბერსი (ლონდონის “არსენალი”), ხოსე გაია (“ვალენსია”), მაქსიმილიან მეიერი (“შალკე”), ადრიენ რაბიო (პსჟ), დივოკ ორიჯი (“ლილი”), ანხელ კორეა (მადრიდის “ატლეტიკო”).
მომდევნო ასაკის ფეხბურთელების ჩამონათვალში გამოსარჩევია მარკინიოსი (პსჟ), კურტ ზოუმა (“ჩელსი”), უკვე მსოფლიო ჩემპიონი მათიას გინტერი (“დორტმუნდი”), მატეო კოვაჩიჩი (მილანის “ინტერი”), ემრე ჩანი (“ლივერპული”), რაჰიმ სტერლინგი, ლაზარ მარკოვიჩი (ორივე “ლივერპული”).
22-წლამდელების სიაში მოხვდა ხუან ბერნატი (მიუნხენის “ბაიერნი”), ბენ დევისი (“ტოტენჰემი”), რაფაელ ვარანი (მადრიდის “რეალი”), მატია ნასტასიჩი (“მანჩესტერ სიტი”), ედენ აზარის ძმა ტორგან აზარი (“გლადბახი”), რომელუ ლუკაკუ (“ევერტონი”).
23-წლამდელთა შორის ჯანო ანანიძე საშუალო ლიგის განყოფილებაში შემტევ ნახევარმცველთა შორის მესამე ადგილზე იმყოფება. ხოლო ამავე პოზიციაზე ტოპ-ლიგებს მსოფლიოს ჩემპიონი მარიო გიოტცე (“ბაიერნი”) ლიდერობს. ამ ასაკში სხვადასხვა პოზიციაზე უკვე ბევრი ცნობილი ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან: ტიბო კურტუა (“ჩელსი”), მარც-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”), მატია პერინი (“ჯენოა”), დავიდ ალაბა (“ბაიერნი”), დანიელ კარვახალი (“რეალი”), ფილ ჯონსი (“მანჩესტერი”), შტეფან დე ვრიი (“ლაციო”), მარკო ვერატი (პსჟ), იკერ მუნიანი (“ბილბაო”), კრისტიან ერიქსენი (“ტოტენჰემი”), კოკე (“ატლეტიკო”), ისკო (“რეალი”), ნეიმარი (“ბარსელონა”), ლუკას მოურა (პსჟ), ერიკ ლამელა (“ტოტენჰემი”).