გერმანია
გასულ უქმეებზე, ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან მოვლენები ყველაზე საინტერესოდ გერმანიაში განვითარდა. ჩატარებულ 9 შეხვედრაში 38 გოლი გავიდა. ბუნდესლიგაში ასეთი შედეგიანი ტური 2010/11 წლების გათამაშების მე-2 სათამაშო დღის შემდეგ პირველად ჩატარდა.
ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა ლვერკუზენში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გუნდი „ვოლფსბურგთან“ 4:5 დამარცხდა. ამ თამაშში 2 ჰეთ თრიქი ვიხილეთ. ერთის ავტორი „ლევერკუზენის“ შემტევი სონ ჰინ მინია, ხოლო მეორესი - „ვოლფსბურგის“ თავდამხსმელი ბას დოსტი. ეს იყო პირველი შემთხვევა 2005 წლის შემდეგ, როდესაც ბუნდესლიგის მატჩში ჰეთ თრიქი ორივე გუნდის ფეხბურთელმა გაიფორმა. 10 წლის წინათ, „კაიზერსლაუტერნისა“ და „დორტმუნდის“ შეხვედრაში (3:3), 3-3 გოლი ები სმოლარეკმა და ჰალილ ალთინთოფმა გაიტანეს.
სონ ჰინ მინი პირველი ფეხბურთელია მარეკ მინტალის შემდეგ, რომელმაც ბუნდესლიგის მატჩში ჰეთ თრიქი გაიფორმა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა. 2004 წლის აგვისტოში, მინტალის „ნიურნბერგმა“ „ჰამბურგთან“ 3:4 წააგო.
ბას დოსტი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „ლევერკუზენთან“ გამართულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. ჰოლანდიელი თავდამსმელი „ვოლფსბურგის“ ისტორიაში მე-2 მოთამაშეა, რომელმაც მეტოქის კარი ერთ მატჩში 4-ჯერ აიღო. პირველად ეს, 2004 წელს, მარტინ პეტროვმა მოახერხა. გარდა ამისა, დოსტი პირველი ჰოლანდიელი გახდა, რომელმაც ბუნდესლიგის მატჩში პოკერი გაიფორმა.
იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 5 გოლი მაინც გაუტანიათ, ბას დოსტი ყველაზე შედეგიანია. მას გოლი, საშუალოდ, ყოველ 71 წუთში ერთხელ გააქვს.
შედეგიანობით მე-2 ადგილზე კიდევ ერთი ჰოლანდიელი არიენ რობენია, რომელსაც გოლის გასატანად, საშუალოდ, 99 წუთი ჭირდება. გასულ შაბათს, მისმა „ბაიერნმა“ „ჰამბურგი“ კიდევ ერთხელ გაანადგურა, ამჯერად 8:0.
ბოლო 4 წლის განმავლობაში, „ბაიერნმა“ „ჰამბურგს“ 5 გოლი 2-ჯერ, 6 - ერთხელ, 7 - ერთხელ და 9 ერთხელ გაუტანა. მიუნხენელებს მეტოქისთვის 8 ბურთის გატანა აკლდათ და ეს დანაკლისი შაბათს შეივსო.
„ბაიერნს“ „ჰამბურგი“ ყველაზე დიდი სხვაობით 9:2 ჰყავდა დამარცხებული (2013 წლის მარტში). ჰამბურგელებს ამაზე დიდი სხვაობით არც სხვა გუნდთან წაეგოთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ შაბათის მარცხი მათთვის ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით წაგებაა.
რაც შეეხება „ბაიერნს“ - ამ გუნდს, ბუნდესლიგაში, 8 ან მეტი ბურთის სხვაობით ბოლო 1984 წელს ჰქონდა მოგებული. გერმანიის ჩემპიონატში კი ასეთი სხვაობა ბოლო 15 წლის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა.
თუ „ბაიერნი“, „ჰამბურგი“ და ზოგადად ბუნდესლიგა, ბოლო წლებში, ასეთ სხვაობას ჩვეულნი არ არიან, ამას მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელზე, პეპ გვარდიოლაზე ვერ ვიტყვით. ესპანელმა სპეციალისტმა, სამწვრთნელო კარიერაში, გუნდს 8 ან მეტი ბურთის სხვაობით მეოთხედ მოაგებინა.
2014 წელის აგვისტო-სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „დორტმუნდმა“ ბუნდესლიგის ზედიზედ 2 თამაში მოიგო. იურგენ კლოპის გუნდმა „მაინცი“ 4:2 დაამარცხა. ბოლო შემთხვევა, როდესაც „დორტმუნდს“ ბუნდესლიგის საშინაო შეხვედრაში 4 გოლი ჰქონდა გატანილი, 2014 წლის 19 აპრილით თარიღდება. საინტერესოა, რომ დორტმუნდელთა მეტოქე მაშინაც „მაინცი“ იყო და ანგარიში ერთი წლის წინათაც 4:2 დაფიქსირდა.
„მაინცთან“ გამართული შეხვედრა „დორტმუნდისთვის“ კარგად არ დაწყებულა. სტუმრებმა ანგარიში პირველივე წუთზე გახსნეს. მიმდინარე გათამაშებაში უკვე მეორედ მოხდა, რომ „დორტმუნდმა“ გოლი პირველ წუთზე გაუშვა. თუმცა, იურგენ კლოპის გუნდი პარასკევ დღეს ტრადიციულად კარგად თამაშობს და ეს ამჯერადაც დამტკიცდა. „დორტმუნდმა“, პარასკევს ჩატარებული ბოლო 17 თამაშიდან 15 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა.
ზედიზედ 2 მოგების მიუხედავად, „დორტმუნდს“ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის მაინც ძალიან მცირე შანსი აქვს. ბუნდესლიგის გასულ გათამაშებაში, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელი მე-4 ადგილი „ლევერკუზენმა“ დაიკავა, რომელმაც 61 ქულა მოაგროვა. იურგენ კლოპის გუნდს, მიმდინარე გათამაშებაში 61 ქულის ასაღებად დარჩენილი ცამეტივე შეხვედრის მოგება ჭირდება.
მოგებებს განაგრძობს „ვერდერი“, რომელმაც ზედიზედ მე-5 თამაშში იმარჯვა. ბრემენულ გუნდს ბუნდესლიგაში ასეთი წარმატებული სერია 2007 წლის შემდეგ პირველად აქვს.
ბუნდესლიგის უხვგოლიანობას „გლადბახი“ ფეხს ვერ უწყობს. ლუსიენ ფავრის გუნდმა, 2015 წელს, 4 თამაში ჩაატარა და ოთხივე მათგანში მხოლოდ თითო გოლი გავიდა.
ესპანეთი
ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტური „ბარსელონას“ არგენტინელი ვარსკვლავის, ლეო მესის მორიგი რეკორდებით გამოირჩა. „ლევანტესთან“ მოგებულ შეხვედრაში (5:0) მესიმ მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა. არაოფიციალური დათვლებით, მის ანგარიშზე ლა ლიგაში გაკეთებული 106 შედეგიანი პასია, რაც რეკორდია. ამრიგად, ლეო მესი პრიმერას ისტორიაში ოფიციალურად საუკეთესო ბომბარდირი და არაოფიციალურად საუკეთესო ასისტენტია.
როგორც მესის ჩვევია, მან მორიგი რეკორდი იმ მატჩში დაამყარა, რომელშიც მან 3 გოლი გაიტანა და ეს ჰეთ თრიქით კიდევ 2 რეკორდის შემადგენელ ნაწილად იქცა. ესპანურ გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტი, 31 ჰეთ თრიქი ტელმო სარას ჰქონდა შესრულებული და არგენტინელი ვარსკვალვი მას გაუთანაბრდა. 31-დან 23 ჰეთ თრიქი მესიმ ლა ლიგაში გაიტანა, რაც, კრიშტიანუ რონალდუს შედეგთან ერთად, საუკეთესო მაჩვენებელია.
ლიონელ მესის, ისევე, როგორც კრიშტიანუ რონალდუს, ქვეყნის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, უკვე 4 ჰეთ თრიქი დაუგროვდა. ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში მოთამაშე არცერთ ფეხბურთელს, მიმდინარე გათამაშებაში, ერთ ჰეთ თრიქზე მეტი არ გაუფორმებია. არგენტინელი და პორტუგალიელი ვარსკვლავების ანგარიშზე 5 წამყვან ჩემპიონატში შესრულებული ჰეთ თრიქების 26% მოდის.
მესისთვის „ლევანტესთან“ გამართული შეხვედრა საიუბილეო იყო. ის, ლა ლიგის მატჩში, „ბარსელონას“ ღირსებლას მესამასედ იცავდა. ამ სამასიდან 89-ში, ანუ შეხვედრების თითქმის 30%-ში, არგენტინელმა როგორც გოლის გატანა, ასევე შედეგიანი გადაცემის გაკეთება მოახერხა.
მესი რონალდუს ჰეთ თრიქების რაოდენობით კი გაუთანაბრდა, მაგრამ მან პორტუგალიელს 2 მაჩვენებლით გადაასწრო. არგენტინელი, ესპანურ გუნდებში მოთამაშე ფეხბურთელთა შორის, მიმდინარე სეზონში, საუკეთესო ბომბარდირია. მესის ანგარიშზე, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 37 გოლია. რონალდუს მაჩვენებელი 36 ბურთი არის. გარდა ამისა, მესიმ რონალდუს გოლს+პასი სისტემითაც გადაუსწრო. ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, არგენტინელმა 26-ჯერ გაიტანა და 13-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა. პორტუგალიელმა თავად 28-ჯერ იხეირა, ხოლო საგოლე გადაცემა 10-ჯერ გააკეთა.
მესის მსგავსად, კარგ ფორმაშია ნეიმარიც, რომელმაც პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში უკვე მე-17 გოლი გაიტანა. ბრაზილიელს, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, ქვეყნის ჩემპიონატის ერთ გათამაშებაში ამაზე მეტი არასდროს გაუტანია.
მესისა და ნეიმარის კარგ ფორმაში ყოფნის წყალობით, „ბარსელონამ“ ზედიზედ 11 თამაში მოიგო, რაც 2008 წლის შემოდგომის შემდეგ პირველად მოხდა. ამაზე ხანგრძლივი სერია კატალონიელებს ბოლოს 2005/06 წლების სეზონში ჰქონდათ, როდესაც ზედიზედ 18 თამაში მოიგეს.
მესიმ რომ რონალდუსთან არსებულ ბომბარდირების დავაში ჩამორჩენა ორ ბურთამდე შეამცირა, ეს მხოლოდ არგენტინელის დამსახურება არაა. „ოქროს ბურთის“ მფლობელი პორტუგალიელი ფეხბურთელი საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორსაა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ მან ბოლო 3 თამაშში გოლის გატანა ვერ მოახერხა. თუმცა, „რეალის“ გულშემატკივრებისთვის ეს განგაშის საფუძველი არ უნდა იყოს, რადგან პორტუგალიელს ასეთი რამ „ოქროს ბურთის“ მოგების შემდეგ ახასიათებს. 2013 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებამდე გამართულ 10 თამაშში რონალდუმ 14 გოლი გაიტანა, ხოლო „ოქროს ბურთის“ აღებიდან მომდევნო 10 თამაშში მხოლოდ 6. თუმცა, პორტუგალიელი მალევე ათამაშდა და საუკეთესოს წოდება კვლავ მოიპოვა. ამჯერად, „ოქროს ბურთის“ მიღებამდე გამართულ ბოლო 10 შეხვედრაში პორტუგალიელმა მეტოქის კარი 12-ჯერ აიღო, ხოლო დაჯილდოების შემდეგ ჩატარებულ 10 მატჩში - 4-ჯერ.
„დეპორტივოსთან“ მოგებულ შეხვედრაში (2:0) რონალდუმ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ქარიმ ბენზემას გაატანინა. ფრანგმა ფეხბურთელმა, ლა ლიგაში, 84-ე გოლი გაიტანა და მან ლეგენდარული ბრაზილიელის, რონალდოს მიერ „რეალის“ მაისურით ამ ტურნირზე გატანილი გოლების მაჩვენებელი გააუმჯობესა.
ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, მადრიდის „ატლეტიკომ“ მოგებათა 4-მატჩიანი სერია ვიგოში წაგებით შეწყვიტა. ეს ნიშნავს, რომ „სელტამ“ პრიმერას წინა გათამაშების როგორც გამარჯვებული, ასევე მეორეადგილოსანიც დაამარცხა. ასეთი რამ 2002/03 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა.
ვიგოში გამართულ შეხვედრაში „ატლეტიკოს“ მოწინააღმდეგე გუნდმა თამაშის წესები მხოლოდ 4-ჯერ დაარღვია. მას შემდეგ, რაც მადრიდელებს დიეგო სიმეონე წვრთნის, ასეთი რამ პირველად მოხდა.
„სევილიამ“, „კორდობასთან“ გამართულ საშინაო შეხვედრაში, 3:0 მოიგო. ეს ნიშნავს, რომ ანდალუსიელებმა, საკუთარ მოედანზე, ზედიზედ მე-20 წაუგებელი თამაში ჩაატარეს. „სევილიას“ ასეთი სერია ისტორიაში მეშვიდედ, ხოლო 1981 წლის შემდეგ პირველად აქვს.
„ესპანიოლის“ შემადგენლობაში კვლავ შედეგიანია სერხიო გარსია, რომელმაც „მალაგასთან“ მოგებულ შეხვედრაში (2:0) ერთი გოლი გაიტანა. 31 წლის თავდამსხმელმა, მიმდინარე გათამაშებაში, აქტიური მონაწილეობა 15 გოლში მიიღო, რაც „ესპანიოლის“ მიერ გატანილი ბურთების ზუსტად ნახევარია. აღსანიშნავია, რომ იმ თამაშში, რომელშიც სერხიო გარსიას არც გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, „ესპანიოლმა“ მხოლოდ ერთხელ მოიგო.
იტალია
იტალიის ჩემპიონატში მორიგი წარუმატებელი თამაში ჩაატარა „მილანმა“, რომელმაც „ემპოლისთან“ საკუთარ კედლებში გამართულ მატჩში 2 ქულა დაკარგა.
„როსონერი“ გუნდის ახალწვეულმა, მატია დესტრომ დააწინაურა, რომელმაც „მილანის“ შემადგენლობაში პირველი ზუსტი დარტყმა გოლად აქცია.
თამაშის მიწურულს მოედნიდან „მილანის“ მეკარე დიეგო ლოპესი გააძევეს. მიმდინარე გათამაშებაში, მილანელთა ფეხბურთელებმა წითელი ბარათი უკვე 8-ჯერ მიიღეს. ბოლო 17 წლის განმავლობაში, „მილანს“ ასეთი ცუდი შედეგი მხოლოდ ერთხელ, 2009/10 წლების სეზონში ჰქონდა.
„ემპოლისთან“ ვერმოგება ნიშნავს, რომ „მილანმა“, 2015 წელს გამართულ 7 თამაშში, მხოლოდ 5 ქულა აიღო. ერთადერთი გუნდი, რომელსაც ამაზე ცუდი შედეგი აქვს, „პარმაა“.
„პარმას“ წინა 5 შეხვედრა წაგებული ჰქონდა. „ჯვაროსნები“, 23-ე ტურში, „რომას“ ესტუმრნენ. თამაში ფრედ დასრულდა, რაც იმას ნიშნავ, რომ „ჯალოროსიმ“, საკუთარ კედლებში, ფრედ ზედიზედ მეხუთედ ითამაშა. ასეთი რამ 1981 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
„რომას“ რომ მოგება გაუჭირდებოდა, ეს პირველივე ტაიმის შემდეგ გამოჩნდა. კვირას გამართულ მატჩამდე, ბოლო 9 შემთხვევიდან, როდესაც რუდი გარსიას გუნდი პირველ ტაიმში გოლის გატანას ვერ ახერხებდა, „რომამ“ მხოლოდ ერთი მოიგო. დედაქალაქელებმა შესვენებამდე ვერც ამჯერად იხეირეს და თამაში 0:0 დასრულდა.
„იუვენტუსმა“ ბოლო სამ მატჩში ქულები მეორედ დაკარგა. ტურინული გუნდი „ჩეზენას“ დაუზავდა. ეს ნიშნავს, რომ ემილია-რომანიელებმა იტალიის მოქმედ ჩემპიონთან მარცხს თავი 1990 წლის შემდეგ პირველად აარიდეს.
სერია A-ს გასულ ტურში საინტერესო ის იყო, რომ ლიდერთა სამეულიდან ვერცერთმა მოიგო, ხოლო გასავარდნ ზონაში მყოფი გუნდებიდან არცერთს წაუგია.
საფრანგეთი
საფრანგეთის ჩემპიონატში ლიდერებს კვლავ უჭირს. ზედიზედ მეორე ტურში, მოწინავე ოთხეულიდან ვერცერთმა მოიგო.
3 ქულის აღებასთან ყველაზე ახლოს პსჟ იყო, რომელიც „კანს“ 2:0 უგებდა, მაგრამ ლორან ბლანის გუნდმა უპირატესობა კიდევ ერთხელ გაანიავა. ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში, პარიზელებმა უკვე 15 ქულა დაკარგეს იმ თამაშებში, რომლებშიც წინა გასვლა მოახერხეს. ამაზე ცუდი შედეგი მხოლო „რეიმსს“ აქვს.
სწორედ „რეიმსმა“ დააკარგვინა ქულები „მარსელს“. ჟან ვასოს შეგირდებმა ანგარიში მე-6 წუთზე გახსნეს. „მარსელმა“ ასეთი სწრაფი გოლი 2012 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გაუშვა.
მე-2 ტაიმში „მარსელმა“ წინ გასვლა კი მოახერხა, მაგრამ 90-ე წუთზე გაშვებული გოლის წყალობით ბიელსას გუნდმა ქულები მაინც დაკარგა. 1998 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად მოხდა, რომ „მარსელმა“, საშინაო შეხვედრაში, ასე გვიან გაშვებული გოლის გამო ვერ მოიგო.
ვერ მოიგო ვერც გათამაშების ლიდერმა, „ლიონმა“, რაც გასაკვირი არც ყოფილა. უბერ ფურნიეს გუნდის ლიდერი ალექსანდრ ლაკაზეტი ტრავმირებულია და „ლიონმა“ მის გარეშე მოგება არ იცის. ბოლო 6 შემთხვევაში, როდესაც ლაკაზეტმა ვერ ითამაშა, „ლიონმა“ ქულები დაკარგა.