დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში საქართველოს 14-წლამდე კალათბურთელთა ჩემპიონატი დაიწყო. პირველ მატჩში ერთმანეთს „მართვე“ და „ჰიუნდაი“ შეხვდნენ. შეხვედრა ჰიუნდაელთა გამარჯვებით – 96:51 დასრულდა.
გამარჯვებულთაგან 22 ქულით ბიძინა ფეიქრიშვილი გამოირჩა. 20-20 ქულა მოაგროვეს ლუკა ხობელიამ და დაჩი ქავთარაძემ. „მართვეში“ 22 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო ნიკა ლობჟანიძე გახლდათ.
ჩემპიონატის მეორე მატჩს ქუთაისმა უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ ,,ხაშური’’ ჩავიდა. მასპინძლებმა იოლად, დიდი სხვაობით დაამარცხეს მეტოქე - 135:26.
ქუთაისელთა შორის საუკეთესო გიორგი ჭეიშვილი იყო 34 ქულით. 20 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა ლუკა კანთელაძემ. სამმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა – ავთო მანჯგალაძემ (18 ქულა, 10 მოხსნა), სანდრო მამაგეიშვილმა (10 ქულა, 10 მოხსნა) და პაპუნა კირთაძემ (14 ქულა, 13 პასი). ამ უკანასკნელმა 8 მოხსნაც მიითვალა, ცოტნე ნანობაშვილს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 15 ქულა, 9 მოხსნა.
14-წლამდელთა ჩემპიონატში 15 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფში არიან განაწილებულნი:
ა ჯგუფი: ქუთაისი, რუსთავი, ზესტაფონი, ხაშური, მართვე 1, ჰიუნდაი, ორბი.
ბ ჯგუფი: ფოთი, გორი, ბათუმი, თსსუ, იბერი, მართვე 2, აკადემია, ნაკრები (გოგონები).
გუნდები ჯგუფში ორ წრედ ითამაშებენ, რის შემდეგაც თითოეული ჯგუფიდან 4 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა. პლეი ოფში ვერგასული გუნდები ერთმანეთში 9-15 ადგილებს გაითამაშებენ.
მეოთხედფინალი ერთმატჩიანი იქნება, ხოლო ნახევარფინალური და ფინალური სერიები ორ მოგებამდე გაგრძელდება. პლეი ოფის სერიაში გუნდებს მოედნის უპირატესობა ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული ადგილების მიხედვით მიენიჭებათ.
1999 წელს დაბადებულ გოგონათა ოლიმპიური ნაკრები 14-წლამდელთა ჩემპიონატში კონკურსგარეშე, გამოცდილების მისაღებად ასპარეზობს. გოგონათა გუნდმა 2015 წლის ივლისში თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს სახელი უნდა დაიცვას.
www.gbf.ge