ფეხბურთი

16:14 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” მატას არ ეშვება

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევი ნახევარმცველი ხუან მატა მადრიდის “ატლეტიკოს” ინტერესის სფეროში კვლავ მოექცა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელის გადაბირება “ბარსელონასთან” ერთად “როხიბლანკოსაც” სურს.

მადრიდელები ესპანელისადმი ინტერესს ზამთრის სატრანსფერო პერიოდშიც იჩენდნენ, თუმცა მოლაპარაკება გადამწყვეტ ეტაპამდე არც მისულა. “ატლეტიკო” მატას სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდიდა, რაც მანჩესტერელებს ნამდვილად არ აკმაყოფილებდათ.

მიმდინარე სეზონში მატამ პრემიერლიგასა და ასოციაციის თასზე 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 34 მილიონ ევროს შეადგენს.

2014 წლის იანვარში “მანჩესტერ იუნაიტედმა” მატას სანაცვლოდ ლონდონის “ჩელსის” 37.1 მილიონი გირვანქა გადაუხადა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. ინგლისში გადასვლამდე ის “ვალენსიაში” თამაშობდა.

0.116735