ძიუდო

21:23 | 14.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ოქრო და სამივე ვერცხლი

რომში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში დღეს მედლები პირველ სამ წონით კატეგორიაში: 60, 66 და 73 კილოგრამებში გათამაშდა. წინასწარი ეტაპის შეხვედრების დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების წევრებმა სამივე წონის ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვეს. გადამწყვეტი შეხვედრების დაწყებამდევე გაირკვა, რომ ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი მინიმუმ ერთ ოქროს მოიპოვებდა, რადგან 73 კილოგრამის საჩემპიონო ბრძოლაში ერთმანეთს ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი უნდა დაჭიდებოდნენ.

საღამოს პროგრამა ქართველი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა – 60 კილოგრამში პირველ ნომრად განთესილი ამირან პაპინაშვილი იაპონელ იუმა ოშიმასთან დამარცხდა. 66-ში კი ეროვნული გუნდის დებიუტანტმა თორნიკე თათარაშვილმა ებრაელ ტალ ფლიკერთან წააგო.

პაპინაშვილი ოშიმას ბოლო წუთამდე ვაზარს და სამ შიდოს უგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ქართველმა მსუბუქწონოსანმა დროის მოკლე მონაკვეთში სამი გაფრთხილება მიიღო. მესამე შიდო აშკარად მსაჯის არაობიექტურ გადაწყვეტილებას ჰგავდა, რამაც პაპინაშვილზეც ცუდად იმოქმედა. მომენტალურად კონცენტრაცია დაკარგა და რამდენიმე წამში შებოჭვაზე მოჰყვა. შებოჭვითვე დამარცხდა თათარაშვილიც.

დღის დასკვნით შეხვედრაში – ქართულ ფინალში კი გამარჯვებული ილეთის გარეშე გამოვლინდა. წუთსა და 49 წამში მსაჯმა ტატალაშვილი ოთხჯერ გააფრთხილა და ოქროს მედალი და 100 სარეიტინგო ქულა შავდათუაშვილს ერგო. ვერცხლის პრიზიორმა ქართველმა ძიუდოისტებმა კი 60-60 ქულა გამოიმუშავეს.

ფინალის გზაზე ლაშა შავდათუაშვილმა უკრაინელი სერგეი პლიევი, სლოვენიელი იგორ პოტპარიჩი, ჩინელი შუაი სუნი და იტალიელი მარკო მადალონი ჩამოიშორა.

დღესვე, იტალიურ ტატამზე საქართველოს სახელით ტრისტან ფეიქრიშვილი, შალვა ქარდავა (ორივე 66 კგ) და ფრიდონ გიგანიც (73 კგ) გავიდნენ. მათგან ფინალურ პროგრამაში ფეიქრიშვილმა გააღწია – რეპეშაჟის ფინალში ფრანგ ჟულიენ ოტავიანთან იპონით წააგო და მე-5 ადგილი დაიკავა. გიგანი მე-7 ადგილს დასჯერდა, ხოლო ქარდავა ევროპის ღია პირველობას მერვედფინალიდან გამოეთიშა, იტალიელ ემანუელ ბრუნოსთან მარცხით.

პირველი დღის საერთო შედეგებით, გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები ლიდერობს. მართალია იაპონიასა და ისრაელსაც თითო ოქრო მოეპოვებათ, მაგრამ სამივე ვერცხლი ქართველთა ყულაბაშია.

ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ოთხ წონაში: 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ: თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ალექსანდრე მსხალაძე, გიორგი სეტიელი, რეზო წულუკიძე (სამივე 100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე +100 კგ).

ღვინიაშვილი და ოქრუაშვილი სატურნირო ბადეში პირველ ნომრებად არიან განთესილები.

ძიუდო

ევროპის ღია პირველობა

რომი

14 თებერვალი

კაცები

60 კგ

1 იუმა ოშიმა (იაპონია)

2 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ფრანცისკო გარიგოსი (ესპანეთი)

3 მატიაშ ტრბოვჩი (სლოვენია)

66 კგ

1 ტალ ფლიკერი (ისრაელი)

2 თორნიკე თათარაშვილი (საქართველო)

3 ჟულიენ ოტავიანი (საფრანგეთი)

3 ტომოფუმი ტაკაიო (იაპონია)

5 ტრისტან ფეიქრიშვილი (საქართველო)

73 კგ

1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

2 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

3 შუაი სუნი (ჩინეთი)

3 იგორ ვანდტკე (გერმანია)

7 ფრიდონ გიგანი (საქართველო)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101459