თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის ტოპ-16-ში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო.
ბასკებმა ესპანურ დერბიში მალაგას “უნიკახა” 79:74 დაამარცხეს, ხოლო შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 26:52 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
თორნიკემ 5-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტმა 17-ს უწია, რითაც იგი მხოლოდ დარიუს ადამსს (20 ქულა) და ფაბიენ კოსიეს (12 ქულა) ჩამორჩა.
“ლაბორალ კუჩამ” 3 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და F ჯგუფში მე-5 ადგილზე იმყოფება. 27 თებერვალს შენგელიას კლუბი სტამბულში “ანადოლუ ეფესს” ესტუმრება, რომელიც გასულ ტურში ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანის “ფენერბაჰჩესთან” 71:77 დამარცხდა.
ჰიკმანმა ტრავმა მოიშუშა და გასულ მატჩში 23:37 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. რიკიმ 4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო გამოიყენა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3-ჯერ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მასზე კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.
“ფენერბაჰჩე”, რომელსაც 5 მოგებით და 2 მარცხით მე-3 პოზიცია უკავია, მომდევნო ტურში მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს ესტუმრება.