ევროლიგის ტოპ-16-ის მე-7 ტურში ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდი” პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” 82:91 დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პლეი-ოფში გასვლა ძალიან გაუჭირდება.
რუსეთში გამართული მატჩის დასკვნითი მეოთხედის წინ, აინარს ბაგატსკისის მიერ დარიგებული მასპინძლები 3 ქულით იგებდნენ, თუმცა, ბოლო ათწუთეული 16:28 დათმეს და წაგებას ვერ გადაურჩნენ.
ფაცაცია მოედანზე 06:15 წუთი გამოჩნდა და 1 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
“ნიჟნი ნოვგოროდის” რიგებში ორმაგი დუბლი (25 ქულა, 11 მოხსნა) ბელარუსმა არტიომ პარახუსკიმ შეასრულა, ბერძნულ გრანდს კი 20 ქულით გეორგიოს პრინტეზისმა ულიდერა.
ფაცაციას კლუბი 2 მოგებით და 5 მარცხით F ჯგუფში მე-6 ადგილზე იმყოფება. დღეს, ამავე ჯგუფში, მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა მილანის “ემპორიო არმანის” უმასპინძლებს, თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” კი მალაგას “უნიკახას” დაუხვდება.