მიუნხენის “ბაიერნის” შემტევი ფრანგი ფრენკ რიბერი, შესაძლოა, “რეკორდმაისტერთა” და “ჰამბურგის” დაპირისპირებაში შაბათს 14 თებერვალს მოედანზე ვიხილოთ. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ბარძაყი აწუხებდა, მან ორშაბათს მიუნხენელთა ვარჯიშზე მონაწილეობა მიიღო და ოპტიმისტურადაა განწყობილი.
“ჩვენ ვაკვირდებით, როგორი რეაქცია ექნება კუნთს სტრესის დროს. ვიმედოვნებ, “ჰამბურგის” წინააღმდეგ თამაშს შევძლებ”, - განუცხადა “ბაიერნის” ოფიციალურ ვებგვერდს ფრანგმა.
რიბერიმ ბოლოს ბუნდესლიგაში შეხვედრა გასული წლის 19 დეკემბერს “მაინცის” წინააღმდეგ ჩაატარა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელს ტრავმის გამო ბევრი მატჩი გაუცდა. რიბერის “ბაიერნის” მაისურით ჯამში 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 6 საგოლე გადაცემაც შეასრულა.