სხვა

14:12 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისი გურამ გუგენიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

9 თებერვალს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში თბილისში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ პრეს-კონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების შეკითხვებს უნივერსალური ორთაბრძოლების ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა გიგა ჭიკაძემ და სპორტის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ უპასუხეს.

შერეულ ორთაბრძოლებში M1 ეგიდით 55-ე ეტაპი თბილისში, 21 თებერვალს ჩატარდება. საქართველოს მსოფლიოს 15-მდე ქვეყნიდან უძლიერესი მებრძოლები ესტუმრებიან.

უნივერსალური ორთაბრძოლების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით სპორტული ღონისძიება თბილისში, სპორტის სასახლეში 17:00 საათზე დაიწყება. რინგზე ქართველი, ამერიკელი, ტაჯიკი, ესპანელი, რუსი, რუმინელი, სლოვაკი, ფინელი, ხორვატი და გერმანელი სპორტსმენები გამოვლენ.

ჩემპიონატში მონაწილიობას მიიღებენ ქართველი მებრძოლები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული ორთაბრძოლების კლუბის წევრები არიან (ნოდარ კუდუხაშვილი, ლევან რაზმაძე, არჩილ თაზიაშვილი, სოსო ნიჟარაძე, რაულ თუთარაული).

სპორტის ამ სახეობაში ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მებრძოლი გურამ გუგენიშვილი (ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი M-1-ის ვერსიით) გასული წლის ნოემბერში ტრაგიკულად გარდაიცვალა. თბილისში დაგეგმილი ტურნირი გუგენიშვილის ხსოვნას მიეძღვნება.

ღონისძიება თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პატრონაჟით გაიმართება. ტურნირის პარტნიორები არიან: საქართველოს რკინიგზა, სპორტკომპლექსი “არენა”, “ლუდსახარში ზედაზენი”. საინფორმაციო მხარდამჭერები: რუსთავი 2, რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”, “მაესტრო”.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.110463