რაგბი

16:50 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისმა მძლავრად დაიწყო

უფრო სწორედ, მძლავრად მეორე ტაიმი ჩაატარა, უელსს 13 უპასუხო ქულა გაუტანა, პირველი ტაიმის ჩამორჩენა აღმოფხვრა და სტუმრად მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებით წლევანდელი ექვსი ერის მოგების მთავარ ფავორიტად იქცა.

ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე (ტარდება ერთ წრედ), სტუმრად მოპოვებულ გამარჯვებას, თანაც არა იტალიასთან და შოტლანდიასთან, არამედ ერთ-ერთ მუდმივ ფავორიტ უელსთან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ გუნდების დაპირისპირებისადმი ინტერესი მუდამ მაღალია, ახლა კი, როდესაც ინგლისმა და უელსმა სექტემბერ-ოქტომბერში გასამართ მსოფლიო თასზე ერთ ჯგუფში უნდა ითამაშონ, დაძაბულობა ჯერ კიდევ მატჩამდე გააორმაგა.

როგორც ჩანს, ამ დაძაბულობას საწყის წუთებში თავი უკეთ უელსმა გაართვა და 8 წუთის შემდეგ ჰაკფპენის ჯარიმით, რის ვების ლელოთი და იმავე ჰალფპენის გარდასახვით 10:0 დაწინაურდა. მაგრამ ინგლისი იოლად დანებებას არ აპირებდა და ენტონი ვატსონმა შერკინებიდან დაწყებული შეტევა საპასუხო ლელოთი დააგვირგვინა. გარდასახვა არაზუსტი იყო, მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, ტაიმების გასაყარზე კი, ჰალფპენიმ უელსი 16:8 დააწინაურა.

მეორე ტაიმში მოედანზე სულ სხვა ინგლისი გავიდა, რომელმაც მრავალფაზიანი შეტევა მე-4 წუთზე ჯონათან ჯოზეფის ლელოთი დააგვირგვინა და ფორდმა გარდასახვით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. სტუმრებმა ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვეს, ფორდმა 62-ე წუთზე საკუთარი გუნდი დააწინაურდა, ბოლოს ერთი ჯარიმაც გაიტანა და სტუმრებმა 21:16 იმარჯვეს.

ერთ კვირაში ინგლისი იტალიას მასპინძლობს, ხოლო უელსი შოტლანდიას ეწვევა. მანამდე, დღეს საღამოს, პირველი ტურის ეგიდით იტალია ირლანდიას, ხოლო საფრანგეთი შოტლანდიას მასპინძლობს.

თეგებიექვსი ერი
0.114807