კალათბურთი

1:01 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 11 ქულა და დრამატული მარცხი სტამბულში

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ევროლიგის ტოპ-16-ის მორიგ მატჩში სტამბულში უძლიერესი შემადგენლობის მქონე “ფენერბაჰჩეს” დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ბოლო წამებზე 2 სამქულიანიდან 1 მაინც რომ ჩაეგდო, თამაშს იგებდა, ასე კი, 90:91 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მით უფრო მოულოდნელი გახლდათ, რომ ბასკური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა იბონ ნავარომ მას მხოლოდ 14:19 წუთი დაუთმო.

ამ დროში შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი ააცილა და 11 ქულას 2 მოხსნა წაამატა. თორნიკემ ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

სტუმართა მხრიდან 10-ქულიან ზღვარს სან ემეტერიომ (15), ჯეიმსმა (14), ბერტანსმა (14) და ადამსმაც (10) უწიეს, მასპინძლებს კი გუდელოკმა (19), ბიელიცამ (14 ქულა, 15 მოხსნა), პრელჯიჩმა (13), ვესელიმ (12) და ბოგდანოვიჩმა (11) ულიდერეს.

ისიც ვქთვათ, რომ “ფენერბაჰჩეს” რიგებში ტრავმიანობის შემდეგ ისევ გამოჩნდა ქართული პასპორტის მქონე რიკი ჰიკმანი. ის განაცხადში იყო, თუმცა, თამაშში არ ჩართულა.

სავარაუდოა, რომ თურქეთში გამართულ მატჩს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვიც დაესწრებოდა, რომელმაც თბილისიდან სწორედ სტამბულს მიაშურა.

“ლაბორალ კუჩას” 2 მოგების წილ 4 მარცხი მოუგროვდა და დიდი ბრძოლა მოუწევს, რათა F ჯგუფის საუკეთესო ოთხეულში მოხვდეს, რაც პლეი-ოფში გასვლის საშუალებას იძლევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117939