სხვა

22:24 | 6.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ წყალბურთელთა დასანანი მარცხი

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში სლოვაკეთის ნაკრებთან დასანანი მარცხი იწვნია. ქართველი წყალბურთელები 10:11 დამარცხდნენ.

საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” 3 000-მდე გულშემატკივარი უჭერდა მხარს ქართველ წყალბურთელებს, დასაჯდომი ადგილების უმრავლესობა დაკავებული იყო და გულშემატკივართა დიდი ნაწილი ფეხზე დამდგარი უცქერდა თამაშს.

მთელი მატჩის განმავლობაში ძნელი გამოსაცნობი იყო, რომელი ნაკრები გახდებოდა გამარჯვებული, მოგება-წაგებაზე მეტად კი უფრო ლოგიკური ანგარიში ფრე იქნებოდა. თუმცა სლოვაკთა გამარჯვება არ უნდა დავაკნინოთ, რადგან მათ ნაკლები შეცდომა დაუშვეს. თამაშიდან გამომდინარე, ნათელი იყო, რომ ის გუნდი გახდებოდა გამარჯვებული, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებდა.

პირველი ტაიმი სტუმრებმა მინიმალური სხვაობით მოიგეს. მეორე ტაიმის საწყის წუთებში ქართველებმა კარგად შეუტიეს და ერთი ხანობა ანგარიში გათანაბრდა.

მატჩის უკანასკნელ წუთზე ქართველებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, თუმცა სლოვაკთა მეკარემ ზუსტად ითამაშა და ბურთი მოიგერია.

მარცხის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებს. თამაშის დასრულების შემდეგ სწორედ მომავალ მატჩებზე გაამახვილეს ყურადღება საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა სერბმა იოვან პოპოვიჩმა და გუნდის კაპიტანმა ზურაბ რურუამ.

“რთული მატჩი იყო, მეტოქე საკმაოდ ძლიერი გუნდია და ეს მატჩამდეც კარგად ვიცოდით, თუმცა არსებობს ჩვენი მარცხის მიზეზებიც. წაგება პირველ რიგში ჩვენი გუნდის შეუთამაშებლობამ განაპირობა, რადგან რამდენიმე წყალბურთელი გუშინ შემოგვიერთდა და მცირე დროში შეთამაშება ძალიან რთულია”, - აღნიშნა ზურაბ რურუამ.

“მთელი ყურადღება დამდეგი მატჩებისკენაა მიმართული. მჯერა, მოვახერხებთ სასურველი შედეგის მიღწევას და ორივე მატჩში გამარჯვებული დავრჩებით”, - დაასრულა ნაკრების კაპიტანმა.

ჟურნალისტებთან მცირე კომენტარით შემოიფარგლა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. მისი თქმით, საქართველოს ნაკრებს შეეძლო გამარჯვება, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში დაშვებულმა შეცდომებმა შედეგზე გავლენა მოახდინა.

“ხვალ და ზეგ რთული მატჩები გველის, რა თქმა უნდა, სლოვაკეთი ძლიერი გუნდია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პორტუგალიასთან და შვეიცარიასთან ადვილი მატჩები გამოვა. ჩვენი ამოცანა ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებაა”, - განაცხადა იოვან პოპოვიჩმა.

საქართველოს ნაკრები 7 თებერვალს შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდება, შეხვედრა საწყლოსნო-კომპლექს “ოლიმპიკში” 18 საათსა და 45 წუთიდან დაიწყება.

საქართველო – სლოვაკეთი 10:11

საქართველო: შუბლაძე, ქავთარაძე, ცერპულია, ელეზი, იმნაიშვილი, ჯელაკა, ხვედელიანი, ბაღათურია, რურუა (კაპიტანი), გეგელაშვილი, ჯახაია, ბითაძე, სტუჯიჩი.

სლოვაკეთი: ჰოფერიკა, მაროსი, ზატოვიჩი, ბიელიკი, დურიკი, ბალაზი, სემანი, მოლნარი, მარეკი, პოლივიჩი, კოლარიკი, ბრუდერი, გოგოლა.

0.117438