კალათბურთი

1:47 | 6.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის სასტარტო და 9 ქულა პირეოსში

ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მოგებული 15 მატჩის კვალად, მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა პირეოსში “ოლიმპიაკოსს” ესტუმრა და 76:84 წააგო.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მოსკოვური კლუბის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 24:42 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა.

მარკოიშვილმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და ერთადერთი პერსონალური ფოლი მიიღო.

შედეგად, მანუჩარის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 13-ს უწია და ის სტუმართა რიგებში მხოლოდ სერბ მილოშ ტეოდოსიჩს (20 ქულა) და ფრანგ ნანდო დე კოლოს (13 ქულა) ჩამორჩა.

“ოლიმპიაკოსის” ლიდერმა ვასილის სპანულისმა 19 ქულა და 5 პასი მიითვალა, 10-ქულიან ზღვარს კი მეტ ლოესკიმ (13), ოტელო ჰანტერმა (12) და გეორგიოს პრინტეზისმაც (10) უწიეს.

F ჯგუფში ცსკა-ს და “ოლიმპიაკოსს” 5 მოგება და თითო მარცხი მოუგროვდათ და პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. დღეს, ამავე ჯგუფში თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა” სტამბულის “ფენერბაჰჩეს” ესტუმრება, ხოლო ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდი” მალაგაში “უნიკახას” გაეჯიბრება.

0.136755