მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა პაბლო ოსვალდომ კლუბი დატოვა და ახალი გუნდის ძიებაშია. არგენტინული წარმოშობის ფეხბურთელი “საუთჰემპტონის” საკუთრებაშია და “ნერაძურელთა” რიგებში იჯარის წესით თამაშობდა. თავდამსხმელს თანაგუნდელებთან და სამწვრთნელო შტაბთან კონფლიქტი მოუვიდა და გუნდის დატოვებაც მოუხდა.
“ოსვალდო “ინტერში” აღარ დარჩება. ჩვენ ვცდილობთ მას საუკეთესო ვარიანტი მოვუძებნოთ”, - განაცხადა “ინტერის” ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ.
პაბლოს მიმართ ინტერესს “ბოკა ხუნიორსი” იჩენს და შესაძლოა არგენტინელი სამშობლოში დაბრუნდეს. მიმდინარე სეზონში ოსვალდომ იტალიის ჩემპიონატსა და ევროპა ლიგაზე ჯამში 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემაც შეასრულა.