ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში იშვიათი შემთხვევა მოხდა. აღმოსავლეთ კონფერენციაში გასული თვის საუკეთესოდ არა რომელიმე მოთამაშე, არამედ “ატლანტას” სასტარტო ხუთეული აღიარეს, დასავლეთში კი “ჰიუსტონ როკიტსის” მცველი ჯეიმს ჰარდენი გამოარჩიეს.
ჯორჯიელებმა იანვარში 17-ვე მატჩი მოიგეს, სასტარტო შემადგენლობის წევრები კი 10 ქულაზე მეტს აგდებდნენ. ესენი პოლ მილსეპი (16 მატჩი იანვარში), ელ ჰორფორდი (16), ჯეფ ტიგი (16), კაილ კორვერი (16) და დემარე კეროლი (14) არიან.
რაც შეეხება ჰარდენს, იგი თვის განმავლობაში საშუალოდ ჩაგდებული ქულების (25.8) მიხედვით, ლიგაში საუკეთესო იყო. მისი მონაგარი 6.7 პასი და 2.2 ჩაჭრაც გახლდათ, “ჰიუსტონმა” კი 17-დან 11 მატჩი მოიგო.
თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას კაირი ირვინგი (“კლივლენდი”), გრეგ მონრო (“დეტროიტი”), კლეი ტომპსონი (“გოლდენ სტეიტი”), კრის პოლი, ბლეიკ გრიფინი, დეანდრე ჯორდანი (ყველა – “კლიპერსი”), ზაკ რენდოლფი (“მემფისი”), ერიკ ბლედსოუ (“ფენიქსი”) და ლამარკუს ოლდრიჯი (“პორტლენდი”) აცხადებდნენ.