ფეხბურთი

10:23 | 5.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ერერა და გაბი სასამართლოში დაიბარეს

ნახევარმცველები - ანდერ ერერა (“მანჩესტერ იუნაიტედი”) და გაბი (მადრიდის “ატლეტიკო”), სასამართლოში გამოცხადდებიან და ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით ჩვენებას მისცემენ.

2010/2011 წლების სეზონში, ზემოთნახსენები ორივე ესპანელი ფეხბურთელი “სარაგოსაში” თამაშობდა. ისინი სასამართლოში 5 მარტს უნდა გამოცხადდნენ, როდესაც გაიმართება მოსმენა “ლევანტესთან” გამართული საეჭვო მატჩთან დაკავშირებით. მოსმენასთან დაკავშირებით ანდერი იძულებული იქნება 4 მარტს ინგლისის პრემიერლიგის ეგიდით “ნიუკასლთან” გასამართი მატჩი გამოტოვოს. მოსმენები 6 მარტამდე გაგრძელდება.

ესპანური კანონმდებლობის თანახმად, მსგავსი დანაშაული ექვსი თვიდან 4-წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მიუხედავად ამისა, ვარაუდობენ, რომ თუ რომელიმე მოთამაშის, მწვრთნელის, ან საფეხბურთო სპეციალისტის დანაშაული გამოიკვეთება, მას “ვირის აბანოში” არ გაუშვებენ და ფეხბურთიდან ერთიდან 6-წლამდე ვადით მოკვეთავენ. თუ დამტკიცდება, რომ დამნაშავე კლუბები არიან, მათ ქვედა დივიზიონებში დაქვეითება არ ასცდებათ.

შეგახსენებთ, რომ 2010/2011 წლების ესპანეთის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, “სარაგოსამ” “ლევანტე” 2:1 დაამარცხა და მეორე დივიზიონში დაქვეითებას გადაურჩა. გარკვეული დროის შემდეგ ამ თამაშით პროკურატურა დაინტერესდა, რომელიც ირწმუნება, რომ “ლევანტეს” მოთამაშეებმა წაგებისთვის 965 ათასი ევრო მიიღეს. მთლიანობაში ეჭვმიტანილად 41 ადამიანი ითვლება, მათ შორის ყველა ის მოთამაშე, რომელმლებმაც ზემოთაღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს.

0.060314