ფეხბურთი

17:46 | 2.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტურინული ამბები: მატრი მოვიდა, ჯოვინკო წავიდა

ახლა უკვე ოფიციალურად, ალესანდრო მატრი ტურინის “იუვენტუსს” დაუბრუნდა. 30 წლის თავდამსხმელი “ბებერ ქალბატონში” სეზონის ბოლომდე იჯარის წესით ითამაშებს.

“ალესანდრო მატრი დღეს ტურინში დაბრუნდა. სწორედ ამ დღეს შედგა მისი დებიუტი ოთხი წლის წინ, “იუვენტუსის” მაისურით პალერმოში. (2011 წლის 2 თებერვალს)”, - ნათქვამია “იუვენტუსის” ოფიციალურ ვებგვერდზე.

მატრი იტალიურ გრანდში 2011-2013 წლებში ასპარეზობდა და 83 მატჩში 29 გოლი გაიტანა. გუნდთან ერთად ორჯერ მოიგო სკუდეტო და ერთხელ იტალიის სუპერთასი. 2013 წლის ზაფხულში “იუვემ” იგი “მილანს” 11 მილიონ ევროდ მიჰყიდა.

მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში მატრიმ თავი კარგად წარმოაჩინა და “ჯენოას” მაისურით 16 შეხვედრაში 7-ჯერ იხეირა.

მატრის ტრანსფერის დადასტურების შემდეგ, ასევე ოფიციალურდ გამოცხადდა, რომ გუნდის აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი სებასტიან ჯოვინკო კარიერას კანადურ “ტორონტოში” გააგრძელებს. ფეხბურთელი ჩრდილოეთ ამერიკაში ზაფხულში უნდა გადასულიყო, თუმცა მატრის გუნდში მისვლის შემდეგ “იუვემ” იგი დროზე ადრე გაათავისუფლა.

0.118256