კალათბურთი

2:57 | 29.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის “კანტუმ” ფრანგებს სძლია

გიორგი შერმადინის “კანტუმ” ევროთასზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იზეიმა. მე-2 ეტაპზე შექმნილ ჟ ჯგუფში იტალიურმა კლუბმა ფრანგული “ლიმოჟი” 68:57 დაამარცხა და მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 14:51 წუთში კი 4 ქულა, 7 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 1 პასი მოაგროვა.

შერმადინმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

კანტუელთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი დარიუს ჯონსონ-ოდომი იყო, რომელმაც 24 ქულა, 8 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა.

შერმადინის კლუბს 2-2 მოგება-წაგება აქვს, შემდეგ მატჩს კი 4 თებერვალს ლიდერ “ხიმკისთან” (რუსეთი) გამართავს, რომელიც შინ 99:88 ჰყავს დამარცხებული.

G ჯგუფის სათავეში მოექცა ყაზანის “უნიკსი”, რომელმაც ტრავმირებული ვიქტორ სანიკიძის არყოფნაში სანკტ-პეტერბურგში “ზენიტს” 77:65 სძლია.

სტუმართა რიგებში 25 ქულით ამერიკელი კიტ ლენგორდმა გაიბრწყინა, ბერძენი კოსტას კაიმაკოღლუ კი იმით გამოირჩა, რომ 30:18 წუთში 6-ვე სროლა (5 სამქულიანი) ააცილა და თამაში 0 (!) ქულით დაასრულა.

“უნიკსს” 3 მოგება და 1 მარცხი გააჩნია, მომდევნო მატჩს კი 4 თებერვალს, შინ, ფრანგულ “სტრასბურგთან” ჩაატარებს.

0.116091