ფეხბურთი

2:51 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არისტოკრატები” ფინალში არიან

ინგლისის ლიგის თასის პირველი ფინალისტი ლონდონის “ჩელსი” გახდა, რომელმაც “სტემფორდ ბრიჯზე” დამატებით დროში შეძლო “ლივერპულის” დამარცხება. წინა კვირას “ენფილდ როუდზე” გამართული შეხვედრა ფრედ დასრულდა, თუმცა ორივე გუნდი თანაბარ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან ამ ტურნირზე გასვლაზე გატანილ გოლს გადამწყვეტი უპირატესობა არ ენიჭება და ნებისმიერი სახის ფრის შემთხვევაში დამატებითი დრო ინიშნებოდა.

შეხვედრამ ძალიან მაღალ ტემპში ჩაიარა. ორივე გუნდი მოსაგებად თამაშობდა და საკმაოდ ბევრი მომენტი იქმნებოდა. მასპინძელთაგან ედენ აზარი და დიეგო კოშტა აქტიურობდნენ, ხოლო სტუმართაგან ფელიპე კოუტინიო და რაჰიმ სტერლინგი გამოირჩეოდნენ. მატჩის დებიუტში ყურადღების ცენტრში ყველაზე მეტად დიეგო კოშტა ექცეოდა, მან მე-12 წუთზე წაქცეულ ემრე ჩანს დააბიჯა ფეხი, რისთვისაც სტუმრები მის დასჯას ითხოვდნენ, ხოლო 22-ე წუთზე მასპინძელები ითხოვდნენ პენალტს შკრტელის მიერ კოშტას წაქცევის გამო. პირველი რეალური საგოლე მომენტი 26-ე წუთზე მერსესაიდელებმა შექმნეს, ჯერარდმა შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა ალბერტო მორენოს, მაგრამ ესპანელმა ტიბო კურტუას ვერ აჯობა. სამ წუთში უკვე ფელიპე კოუტინიოს შეეძლო გატანა, მაგრამ ამჯერადაც ბელგიელმა მეკარემ ივარგა.

55-ე წუთზე დიეგო კოშტა კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. მან ამჯერად წაქცეულ შკრტელს დააბიჯა, მაგრამ მსაჯმა აქაც არ დასაჯა ესპანელი. 58-ე წუთზე ედენ აზარმა მშვენივრად ითამაშა, რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და კარგადაც დაარტყა, თუმცა ოდნავ ააცილა. ორ წუთში უკვე დიეგო კოშტა დაემუქრა მეტოქის კარს, მან საჯარიმოს მოსადგომებიდან ძლიერად დაარტყა, ბურთი შკრტელს მოხვდა, მაგრამ მინოლემ რეაქცია მოასწრო და ფეხით მოიგერია ბურთი. 65-ე წუთზე ბელგიელმა კიდევ ერთხელ იყოჩაღა და ისევ კოშტას აჯობა. დარჩენილ დროში რეალური სახიფათო მომენტი არ შექმნილა და შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა.

“არისტოკრატებისთვის” პირველი დამატებითი ტაიმი იდეალურად დაიწყო და 94-ე წუთზე საჯარიმოდან ვილიანის მიერ ჩაწოდებულს ბრანისლავ ივანოვიჩი შეეგება ზუსტი თავურით. ლონდონელებმა დარჩენილ დროში თავი კარგად დაიცვეს და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანეს.

“ჩელსი” ფინალში “შეფილდი”/”ტოტენჰემის” გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მეორე 1/2 ფინალი დღეს გაიმართება.

ჩელსი – ლივერპული 1:0 დ.დ. (0:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ზუმა, ტერი, ფელიპე ლუისი (აზპილიკუეტა 78), ივანოვიჩი, მატიჩი, ფაბრეგასი (რამირესი 50), ვილიანი (დროგბა 119), აზარი, ოსკარი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ლივერპული (3-4-2-1): მინოლე, სახო (ჯონსონი 57), შკრტელი, ჩანი, ლეივა, ჰენდერსონი, მორენო (ლამბერტი 106), მარკოვიჩი (ბალოტელი 70), ჯერარდი, კოუტინიო, სტერლინგი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

გოლი: ივანოვიჩი 94.
გაფრთხილებები: ტერი, ივანოვიჩი, კოშტა, ოსკარი – ჰენდერსონი, ლეივა, ჩანი, ჯერარდი, შკრტელი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 19(5)-16(4), ჯარიმა: 13-20, კუთხური: 6-6, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-4

0.12937