საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში მიმდინარე “განვითარების თასზე” მეხუთე ადგილი დაიკავა. IV-VI ადგილისთვის ბრძოლაში გოჩა ტყებუჩავას გუნდმა გადამწყვეტი შეხვედრა იაპონიასთან 0:2 წააგო. შესაბამისად მეოთხე ადგილზე აზიელები გავიდნენ, ხოლო მე-6-ზე – ბელარუსები.
ქართველებმა გუშინ, 24 იანვარს, პირველ მატჩში მასპინძელი ნაკრები ვატო არველაძის დუბლით 2:1 დაამარცხეს, მანამდე კი ჯგუფურ ეტაპზე ირანს (1:0) და უკრაინას (2:0) აჯობეს, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში ლატვიელ თანატოლებთან 1:2 დამარცხდნენ.
გოჩა ტყებუჩავას შეგირდები 2015 წელს ელიტრაუნდის მატჩებს ჰოლანდიაში ადგილობრივ თანატოლებთან (12 მარტი), ბელგიასთან (14 მარტი) და ჩრდილოეთ ირლანდიასთან (17 მარტი) გამართავენ.
ელიტრაუნდში 8 ჯგუფის 32 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. პირველადგილოსნები და საუკეთესო 7 მეორეადგილოსანი ფინალურ ეტაპზე მასპინძელ ბულგარეთთან ერთად იასპარეზებენ. ტურნირი 6-22 მაისს გაიმართება.