საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის კლუბები აქტიურად ემზადებიან მეორე წრისთვის. მზადებას განაგრძობს ფოთის “კოლხეთიც”. ზაზა ინაშვილის გუნდმა რამდენიმე ამხანაგური თამაში ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ გუნდს არაერთი პრობლემა გააჩნია, “კოლხეთს” ბოლო 8 შეხვედრაში წაუგებელი სერია აქვს.
პრობლემები ვახსენეთ და “კოლხეთი” ქართული კლუბებიდან იმ ერთერთაგანს წარმოადგენს, რომელსაც ყველაზე მცირე ბიუჯეტი აქვს და საკუთარ სტადიონზე ვერ ასპარეზობს. არადა, ქართული ფეხბურთის “აკვანს” დიდი ისტორია აქვს და სამწუხაროა დღეს ამ გუნდის ასეთ მდგომარეობაში ხილვა.
აღნიშნული პრობლემების გამო “კოლხეთმა” გუნდის ერთერთი გამორჩეული ფეხბურთელი და ბომბარდირი ვერ შეინარჩუნა - დათა სიჭინავამ ბოლნისის “სიონში” გააგრძელა კარიერა. მიუხედავად ამისა, გუნდმა მწირი ბიუჯეტით მაინც მოახერხა რამდენიმე ფეხბურთელის დამატება და თვის ბოლოს ფოთელები შეკრებასაც გაივლიან თურქეთში. ახალწვეულთა შორის არიან, ლევან შენგელია, მერაბ გიგაური, ალეკო ჩაკვეტაძე, გურამ გურეშიძე.
ზაზა ინაშვილი: (“კოლხეთის” მთავარი მწვრთნელი): “გუნდში სტაბილური სიტუაციაა. გვაქვს ორჯერადი ვარჯიშები, ჩავატარეთ რამდენიმე ამხანაგური შეხვედრა, 29 იანვარს კი თურქეთში გავემგზავრებით შეკრებაზე. თურქეთში დაგეგმილი გვაქვს ოთხი სპარინგმატჩი, უნგრეთის კლუბ “პეჩთან”, ბულგარეთის “ჩერნოე მორესთან”, ჩეხეთის “ბრნოსთან” და ყირგიზეთის ჩემპიონთან.
ასევე ვაპირებდით ამხანაგური მატჩის ჩატარებას გროზნოს “ტერეკთან”, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ეს მატჩი აღარ შედგება. ვფიქრობ, თურქული შეკრება ნაყოფიერი იქნება ჩვენი გუნდისთვის და მეორე წრეში შევძლებთ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას.
თურქეთში შეკრებაზე შემოგვიერთდება კენიელი თავდამსხმელი, რომელსაც დავაკვირდებით. წინასწარ ვერ ვიტყვით დამატებაზე, რადგან, გემახსოვრებათ, გვყავდა უცხოელი ლეგიონერი ნევუჩე, რომელმაც საბოლოოდ ჩვენი იმედი არ გაამართლა.
უნდა შევეხო ასევე სტადიონის თემასაც, უკვე მერამდენედ მიწევს ამ საკითზე საუბარი, მაგრამ მართლა ძნელია ყველა თამაშის სხვა სტადიონზე ჩატარება. საკუთარ გულშემატკივარს და საკუთარ არენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, სტადიონზე სამუშაოები ერთი კვირაა დაიწყო და იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში გადაწყდება ეს პრობლემა. ფოთელ გულშემატკივარს ვპირდებით, რომ ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმუმს გავაკეთებთ. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება”.
“კოლხეთი” 23 იანვარს მარტვილის “მერანს” განახლებულ არენაზე ესტუმრა და ბეჩიხიას ერთადერთი გოლით იმარჯვა. მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ფოთელები დღეს ქობულეთში გამართავენ ბათუმის “დინამოსთან”, 29 იანვარს კი, როგორც ითქვა, თურქეთში გაემგზავრებიან და იქ გაივლიან შეკრებას.