ჩინური კლუბი “შანხაი ტელეისი” მზადაა “ნიუკასლის” სენეგალელი ფორვარდი პაპის სისე მსოფლიოს ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.
The Independent-ის ცნობით, ჩინური კლუბის მთავარ მწვრთნელს სვენ-გორან ერიქსონს 29 წლის სენეგალელის შეძენა უნდა. ევროპიდან გადაბირების მიზნით, “შანხაი ტელეისი” მოთამაშეს, რომელიც ამჟამად ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ერთად ეკვატორულ გვინეაში აფრიკის თასზე თამაშობს, 3-წლიან კონტრაქტს და ყოველკვირეული ანაზღაურების სახით 150 ათას გირვანქა სტერლინგს სთავაზობს, რაც კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე 22,5 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.
“ნიუკასლში” სისე 5-ჯერ ნაკლებ თანხას, კვირაში 30 ათასს იღებს. ინგლისელებთან სენეგალელის მოქმედ კონტრაქტს ვადა წელიწადნახევარში გასდის და “ნიუკასლი” მზადაა ის 8 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდოს, რადგან ახლა ყოველთვიურად მისი სატრანსფერო ღირებულება შემცირდება.
“კაჭკაჭებმა” პაპის სისე 2012 წელს “ფრაიბურგისგან” 9 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინეს. მას შემდეგ პრემიერლიგაში ჩატარებულ 87 მატჩში მან 32 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში სისე კლუბის საუკეთესო ბომბარდირია - 9 გოლი 13 მატჩში.