ფეხბურთი

13:05 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი ნებისმიერი შეზღუდვის წინააღმდეგია

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იმ შეზღუდვებს აკრიტიკებს, რომელთა გამოც მან ერთ დროს ანხელ დი მარიას შეძენა ვერ მოახერხა და ახლაც პრობლემები ექმნება.

ახლა “მეთოფეები” დაცვის ხაზის გაძლიერებას ესპანური “ვილიარეალიდან” 24 წლის ბრაზილიელი გაბრიელ პაულისტათი ცდილობენ, მაგრამ ამისათვის მათ არა მხოლოდ ესპანელებთან და თავად მოთამაშესთან მართებთ შეთანხმება, არამედ ბრიტანელი ჩინოვნიკებიც უნდა დაარწმუნონ გაბრიელის განსაკუთრებულ ნიჭიერებაში. საქმე ისაა, რომ ბრიტანული კანონმდებლობის თანახმად, ფეხბურთელი თამაშის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, თუ რეგულარულად ასპარეზობს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში (თანაც ისეთში, რომელიც ფიფას რეიტინგში 70-ე ადგილზე ქვევით არაა), ან “გამორჩეული ტალანტია”.

რადგან გაბრიელს ბრაზილიის ნაკრებში ჯერ ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია, “არსენალი” იმის იმედადაა, რომ ჩინოვნიკებს მის ნიჭიერებაში ეჭვი არ შეეპარებათ. ამასთან დაკავშირებით არსენ ვენგერმა გააკრიტიკა წინადადება, რომლის მიხედვითაც, მომავალი სეზონიდან პრემიერლიგის გუნდებში არაევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ლეგიონერთა რაოდენობა უნდა შემცირდეს.

“იდეალური ვარიანტი იქნება, თუ ლიგის კარი სრულად გაიღება და ნებისმიერ მოთამაშეს ექნება აქ თამაშის უფლება. შეიძლება ბოლომდეც ჩაიკეტოს საზღვრები და მხოლოდ ინგლისელებით ვითამაშოთ, მაგრამ სანამდე მიგვიყვანს ეს? ეს მოკლავს პრემიერლიგის მიმზიდველობას.

მეორე ვარიანტი ვთქვათ: ნახეთ, ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო ლიგა გვაქვს, დაე მასში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებმა ითამაშონ. ჩვენ შევამჩნიეთ ანხელ დი მარია მაშინ, როდესაც მხოლოდ 17 წლის იყო. ჩვენ ის საერთაშორისო ტურნირზე ვნახეთ და მანაც ჩვენთან გადმოსვლის სურვილი გამოთქვა. მაგრამ ის პორტუგალიაში, იქიდან კი, ესპანეთში გადავიდა. რატომ? იმიტომ, რომ მაშინ მას არ შეეძლო ინგლისის სამუშაო ვიზის მიღება. ეს ნიშნავს იმას, რომ ინგლისში მისი გადმოსვლა მხოლოდ მაშინ გახდა შესაძლებელი, როდესაც უკვე უზარმაზარი თანხა ღირდა”, - განმარტა შექმნილი სიტუაცია ფრანგმა სპეციალისტმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119385