თებერვალში საჩოგბურთო ფედერაციის თასის მონაწილეები ახალ ბატალიებში ჩაებმებიან, მანამდე კი, ტურნირის ორგანიზატორებმა გასული სეზონი შეაჯამეს და საუკეთესოებიც გამოავლინეს.
ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ტურნირის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ნომინაცია აღმოჩნდა, სადაც ხუთეულში საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერი სოფო შაფათავაც შეიყვანეს.
სოფო ისეთი ჩოგბურთელების გარემოცვაში მოხვდა, როგორებიც ეუჟენი ბუშარი (კანადა), პეტრა კვიტოვა (ჩეხეთი), კიკი ბერტენსი (ჰოლანდია) და აგნიეშკა რადვანსკა (პოლონეთი) არიან, ქართველი ჩოგბურთელის შესახებ კი, ფედერაციის თასის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვკითხულობთ:
“სოფო შაფათავას დაუჯერებელი წელი ჰქონდა და საქართველოს ნაკრებს ევრო-აფრიკული ზონის II ჯგუფიდან აღზევებაში დაეხმარა. მან არა მარტო ერთეულებში, არამედ წყვილებშიც 4 მატჩი მოიგო და სეზონი დიდებული შედეგით – 8:0 დაასრულა. ვინაიდან II ჯგუფის მატჩები შემჭიდროვებული გრაფიკით ტარდებოდა, შაფათავას თამაშების ჩატარება მიყოლებით მოუწია, რაც მის შედეგს კიდევ უფრო დასაფასებელს ხდის”.
შეგახსენებთ, რომ სოფოს და მისი თანაგუნდელების ყოჩაღობის წყალობით, წლეულს, საქართველოს ნაკრები უკვე ევრო-აფრიკული ზონის I ჯგუფში ითამაშებს. 4-7 თებერვალს ტურნირს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი უმასპინძლებს, ქართველი გოგონების მეტოქეები კი C ჯგუფში – ბელარუსი, პორტუგალია და ბულგარეთი იქნებიან.
შეჯიბრის მოახლოებასთან ერთად, ქართველ ჩოგბურთელთა მეტოქეების და ტურნირის სტრუქტურის შესახებ დაწვრილებით მოგახსენებთ.