2015 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა მიმდევრობა აქამდეც გარკვეული იყო, ახლა კი, თამაშების საათების განრიგიც ცნობილი გახდა.
ერთი შეხედვით, აღნიშნულს, შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, თუმცა, საქმე არც ისე იოლადაა. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2013-ზე ქართველი კალათბურთელები სლოვენიას დღის ბოლო მატჩში გაეჯიბრნენ და თამაში ადგილობრივი დროით პირველი საათისთვის დაასრულეს, მომდევნო შუადღისთვის კი ჩეხეთთან საბრძოლველად ძალების აღდგენა ვერ მოასწრეს და უშანსოდ დამარცხდნენ. ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც იმ თამაშში დაიკარგა.
შეიძლება ითქვას, ამჯერად, ყველაფერი იდეალურადაა. საქართველოს ნაკრები, რომელსაც თამაში ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მოუწევს, მხოლოდ პირველ შეხვედრას დაიწყებს ადგილობრივი დროით 15:00 საათზე, შემდეგ კი ყველა მატჩი 18:00 საათზე ელის. ამგვარად, გუნდს კალენდრის მხრივ არანაირი რყევები არ ელის და რაც მთავარია, შუაღამით პარკეტზე სირბილიც არცერთ დღეს არ მოუწევს.
კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ ქართველი კალათბურთელები ყველა მატჩში (ცხადია, სასტარტო თამაშის გარდა) იმ მეტოქეს ხვდებიან, რომელიც წინა ტურში ღამის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას ანუ დაახლოებით პირველ საათამდე საქმეში ყოფნა მოუწევს.
მოკლედ, მომავალ ევროპირველობაზე კალენდრის მხრივ საქართველოს ნაკრებს, ფაქტობრივად, საუკეთესო ვარიანტი “დაუჯდა” და ამის გამოუყენებლობა არ იქნება. ამისთვის, ეროვნული გუნდი წლის მთავარ ტურნირს ტრავმების გარეშე და კარგად მომზადებული უნდა შეხვდეს, რაც იღბალსა და თავად კალათბურთელთა შრომაზე იქნება დამოკიდებული.
ახლა კი, ევრობასკეტ-2015-ზე ჩვენთვის საინტერესო C ჯგუფის კალენდარიც.
5 სექტემბერი
15:00 საქართველო – ჰოლანდია
18:00 მაკედონია – საბერძნეთი
21:00 ხორვატია – სლოვენია
6 სექტემბერი
15:00 ჰოლანდია – მაკედონია
18:00 სლოვენია – საქართველო
21:00 საბერძნეთი – ხორვატია
8 სექტემბერი
15:00 სლოვენია – ჰოლანდია
18:00 საქართველო – საბერძნეთი
21:00 ხორვატია – მაკედონია
9 სექტემბერი
15:00 საბერძნეთი – სლოვენია
18:00 მაკედონია – საქართველო
21:00 ჰოლანდია – ხორვატია
10 სექტემბერი
15:00 სლოვენია – მაკედონია
18:00 საქართველო – ხორვატია
21:00 საბერძნეთი – ჰოლანდია