ყატარის ნაკრების ესპანელი მწვრთნელი ვალერო რივერა-ლოპესი მატჩის მერე მადლობას უხდიდა თავის გუნდის ხელბურთელებს და ზურგზე ხელებს უტყაპუნებდა - მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებმა 25-28 წააგეს მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირის თამაში მსოფლიო ჩემპიონთან, ესპანეთთან.
კაცს, რომელმაც ესპანეთს წინა, 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა, უნდოდა რომ თავის შვილს, ვალერო რივერა-ფოლკსაც გადახვეოდა და ისიც შეექო კარგი თამაშისთვის. რივერა-უმცროსმა 7 გოლი გაუტანა ყატარს და დიდი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში. მამა-შვილი ცოტა ორიოდ წამით შეხვდნენ თამაშის შემდეგ, ერთმანეთს გადაეხვივნენ და შემდეგ რივერა-უფროსმა პრესკონფერენციის დარბაზს მიაშურა.
ყატარის მწვრთნელმა ასე დაიწყო: - დიახ, მე ძალიან ვამაყობ ჩემი შვილით! - და შემდეგ თავისი გუნდის თამაშის გარჩევას შეუდგა.
- ფაქტია, რომ ზოგჯერ ჩვენ ესპანელებზე უკეთ ვთამაშობდით და 55-ე წუთამდე თანაბრად ვიყავით, მაგრამ ახლა ვალდებული ვარ, შეცდომები გავაანალიზო და იმაზე ვიფიქრო, რა გვაქვს გასაუმჯობესებელი დარჩენილ მატჩებში.
ყატარმა პირველი ტაიმი 10-8 მოიგო და მეორეში სამითაც დაწინურდა. ანგარიში პირველად 44-ე წუთზე, სწორედ გარემარბმა ვალერო რივერამ გაათანაბრა. მწვრთნელისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, როდესაც მის წინააღმდეგ შვილი თამაშობს.
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან სპეციფიური შეგრძნებაა, მაგრამ მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვალერომ კარგად ითამაშა. ესპანეთის ნაკრებს მინდა, ფინალში თამაში ვუსურვო.
პრესკონფერენციაზე ესპანელმა ჟურნალისტმა ლაია კოლმა გაიხსენა რივერა-უმცროსის სიტყვები: - როცა ახალგაზრდა ვიყავი, ხშირად მაკრიტიკებდნენ იმის გამო, ნაკრებში ადგილს არ ვიმსახურებ და მხოლოდ იმიტომ ვარ იქ, რომ მწვრთნელი მამაჩემია. მადლობა ღმერთს, ახლა ასე აღარ ხდება. ცხადია, კრიტიკას მირჩევნია, კარგი ილაპარაკონ ჩემზე.
2013 წელს, როდესაც მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა, სწორედ კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, რადგან შვილი შეიყვანა გუნდში. ვალეროსთვის ეს დებიუტი იყო ეროვნულ ნაკრებში. არადა, მას არაფერი ჰქონდა დასაწუნი - ბოლოსდაბოლოს, 2011 წელს რივერა, რომელიც მაშინ მონპელიეში თამაშობდა, საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ხელბურთელი გახდა, იმ დროს, როდესაც ლიგაში თვით ნიკოლა კარაბატიჩი თამაშობდა.
ანამ არსალანი,
ყატარის ოლიმპიური კომიტეტი, სპორტული მედიის განყოფილების მდივანი