მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი სერხიო რამოსი უკმაყოფილო დარჩა იმ შეთავაზებული ანაზღაურებით, რომელიც მას კლუბის ხელმძღვანელობამ კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის პირველ რაუნდზე შესთავაზა.
ესპანური ტელეარხ Cuatro-ს ცნობით, “სამეფო კლუბის” პრეზიდენტ ფლორენტინიო პერესსა და რამოსს შორის შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა და მხარეებმა ახალი შეთანხმების დეტალები განიხილეს. როდესაც სერხიომ გაიგო, რომ შეთავაზებული წინადადების თანახმად ის ხელფასის სახით არა მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუზე, არამედ კარიმ ბენზემაზე, გარეტ ბეილზე და იკერ კასილასზე ნაკლებ თანხას მიიღებდა, პერესს კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განუცხადა.
მიუხედავად ამისა, ვარაუდობენ, რომ ადრე თუ გვიან მოლაპარაკების პროცესი განახლდება, რადგან ორივე მხარეს სურს თანამშრომლობის გაგრძელება. ოღონდ, 28 წლის ესპანელი თვლის, რომ ის უფრო მეტს იმსახურებს, ვიდრე მას პირველ ჯერზე შესთავაზეს. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონში, რამოსმა 15 მატჩში 2 გოლი გაიტანა. “რეალთან” მის კონტრაქტს ვადა 2017 წლის ზაფხულში ეწურება.