ზურაბ არზიანი კარიერას უნგრეთის საფეხბურთო პირველი ლიგის (უმაღლესი ლიგა) კლუბ ნირედხაზის “სპარტაკუსში” გააგრძელებს.
“სპარტაკუსის” ვებგვერდის ინფორმაციით, 27 წლის ნახევარმცველმა კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე გააფორმა. არზიანმა მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ეტაპი რუსეთის პირველი დივიზიონის “სახალინში” გაატარა, სადაც 18 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. კარიერის განმავლობაში, “სახალინის” გარდა, მას ყაზანის “რუბინის” დუბლებში, მახაჩყალის “ანჟიში”, თბილისის “დინამოში”, ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგაში”, გორის “დილასა” და ორენბურგის “გაზოვიკში” უთამაშია.
ცოტა ხნის წინ, “სპარტაკუსში” 19 წლის ქართველი ფორვარდი დავით დარციმელია ჩაირიცხა, რომელმაც კლუბთან ხელშეკრულება 2017 წლის ბოლომდე დადო.