ბრიტანული მედიის ინფორმაციით, “ვოლფსბურგი” განაგრძობს ამბიციური ნაბიჯების გადადგმას და გერმანელებს ამჯერად ბუნდესნაკრების და ლონდონის “ჩელსის” შემტევის ანდრე შურლეს შეძენა სურთ. “მგლები” მზად არიან 24 წლის ფეხბურთელში 23 მილიონი გირვანქა გადაიხადონ. “ჩელსი” კი შურლეს 30 მილიონად აფასებს.
გასულ წელს გერმანელებმა მნიშვნელოვანი ტრანსფერები განახორციელეს. მათ შორის “არისტოკრატების” რიგებიდან ზამთარში კევინ დე ბრუინი 21.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს, ხოლო ზაფხულში ნიკოლას ბენდტნერი “ვოლფსბურგს” ლონდონის “არსენალიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
“მგლები” მიმდინარე სეზონში კარგად გამოიყურებიან. ბუნდესლიგაში პირველი წრის შემდეგ დიტერ ჰეკინგის შეგირდები 34 ქულით მეორე ადგილზე იმყოფებიან და ლიდერ მიუნხენის “ბაიერნს” 9 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო მესამეადგილოსან ლევერკუზენის “ბაიერს” 6 ქულით უსწრებენ. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კი “რეკორდმაისტერის” ყოფილი თავდამსხმელი ივიცა ოლიჩი (5 გოლი) გახლავთ.
ჯერჯერობით უცნობია, რა ეტაპზეა “ჩელსის” და “ვოლფსბურგის” მოლაპარაკება შურლეს ტრანსფერზე. გერმანელი ფეხბურთელი ლონდონელებს 2013 წლის ზაფხულში “ბაიერიდან” 22 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, მას შემდეგ რაც ჟოზე მოურინიო ყოფილ კლუბს მადრიდის “რეალიდან” შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 22 მატჩი ჩაატარა და თავი 5 გატანილი გოლით გამოიჩინა.