ფეხბურთი

4:11 | 20.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

„არსენალმა“ გრანდთან მოგება გაიხსენა, „მილანმა“ კვლავ ვერ მოიგო, ლაკაზეტმა ბიანკის მიღწევა გაიმეორა

ინგლისი

გასულ უქმეებზე ევროპულ მინდვრებზე გამართული დაპირისპირებებიდან ყველაზე დიდ ინტერესს „მანჩესტერ სიტისა“ და „არსენალის“ თამაში იწვევდა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი იმ გუნდს მასპინძლობდა, რომელსაც, ბოლო დროს, ინგლისური ფეხბურთის გრანდებთან თამაში ძალიან უჭირდა. ლონდონელებს, „ჩელსისთან“, „მანჩესტერ სიტისთან“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამართულ ბოლო 16 მატჩში მხოლოდ 7 ქულა ჰქონდა აღებული. თუმცა, „ქალაქელებს“ იაია ტურე არ ჰყავდათ და მათთვის, კოტ დ’ივუარელის არყოფნა, აუნაზღაურებელი დანაკლისია. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, „სიტიმ“ ტურეს გარეშე მე-4 თამაში ჩაატარა და ვერცერთი მათგანი ვერ მოიგო.

„სიტი“ ფონს გასვლას კუთხურებით ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. „ქალაქელებმა“ 16 კუთხური მოაწოდეს, რაც 2012 წლის შემდეგ პირველად მოხდა. 2011/12 წლების სეზონის ბოლო მატჩში, „ქუინს პარკ რეინჯერსთან“ მოგებული საჩემპიონო თამაშის დროს, მანჩესტერელებმა კუთხური 19-ჯერ მოაწოდეს.

„არსენალთან“ გამართული მატჩი ზედიზედ მე-3 საშინაო შეხვედრა იყო, რომელშიც „სიტიმ“ 2 ან მეტი ბურთი გაუშვა. „ქალაქელებს“ ასეთი ცუდი სერია 2002 წლის სექტემბერ-ოქტომბრის შემდეგ პირველად აქვთ. საკუთარ მოედანზე 2 ან მეტი ბურთის სხვაობით მანჩესტერელები 2010 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად დამარცხდნენ. დაახლოებით 4 წლით წინათ ისინი უქულოდ ასევე „არსენალთან“ დარჩნენ, როდესაც 0:3 წააგეს.

თავად „არსენალმა“, „ეტიჰადზე“ მოგებით, ერთ უსიამოვნო ტრადიციას მოუღო ბოლო. „მეთოფეებს“ ინგლისის მოქმედი ჩემპიონის სტადიონზე 2002 წლის წლის შემდეგ არ ჰქონდათ მოგებული, ორბურთიანი სხვაობით კი მათ 1989 წლის შემდეგ პირველად იმარჯვეს.

„სიტის“ მარცხით ისარგებლა და „ქალაქელებთან“ სხვაობა 5 ქულამდე გაზარდა „ჩელსიმ“, რომელმაც „სუონსი“ 5:0 გაანადგურა. უელსელებთან შეხვედრაში მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა სესკ ფაბრეგასმა, რომელმაც, მიმდინარე გათამაშებაში, თანაგუნდელებს უკვე 15-ჯერ გაატანინა. პრემიერლიგის მთელს გასულ გათამაშებაში, 13 საგოლე გადაცემაზე მეტი არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონდა გაკეთებული. თავად ფაბრეგასი კი პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელსაც 15 ან მეტი საგოლე პასი 2 სხვადასხვა სეზონში აქვს გაკეთებული.

მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიო „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დაუბრუნდა, ლონდოურმა გუნდმა 89 თამაში ჩაატარა და 5 ან მეტი გოლი ხუთ მათგანში გაიტანა. შედარებისთვის, „ჩელსიში“ მოურინიოს პირველი მუშაობის დროს, 185 შეხვედრიდან, „არისტოკრატებს“ 5 ან მეტი ბურთი მხოლოდ ორში ჰქონდათ გატანილი.

3-მატჩანი მოუგებელი სერია შეწყვიტა „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელმაც 3 ქულა შეცვლაზე შესული ფეხბურთელების გოლების წყალობით აიღო. 2004 წლის მარტის შემდეგ პირველად მოხდა, რომ პრემიერლიგის მატჩში, „წითელი ეშმაკების“ მხრიდან, გოლი შეცვლაზე შესულმა ორმა ფეხბურთელმა გაიტანა. კრიშტიანუ რონალდუსა და დავიდ ბელიონის შედეგი, დაახლოებით 11 წლის შემდეგ, ფელაინიმ და უილსონმა გაიმეორეს.

მიმდინარე გათამაშების აღმოჩენამ, „საუთჰემპტონმა“, სტუმრად ზედიზედ მე-3 თამაში მოიგო, რაც ამ კლუბის ისტორიაში პირველად მოხდა.

„ნიუკასლსა“ და „საუთჰემტონს“ შორის გამართულ შეხვედრაში სტუმარი გუნდის მიერ გოლის გატანა მოსალოდნელი იყო. „კაჭკაჭებს“, „წმინდანებთან“ გამართული ბოლო 8 მატჩდან, კარი მშრალად არცერთში არ ჰქონდათ შენახული.

„ნიუკასლის“ მხრიდან ერთადერთი გოლი იოან გუფრანმა გაიტანა. ფრანგმა ნახევარმცველმა დაახლოებით 47-საათიანი მშრალი სერია შეწყვიტა.

ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით ქულების აღებას განაგრძობს „ტოტენჰემი“. ლონდონელებმა „სანდერლენდი“ 2:1 დაამარცხეს, გამარჯვების გოლი კი 88-ე წუთზე გაიტანეს. „დეზებმა“, 88-ე წუთზე ან უფრო გვიან გატანილი გოლებით უკვე 10 ქულა მოიპოვეს, რაც მიმდინარე გათამაშების საუკეთესო შედეგია.

„ტოტენჰემს“ მოსაგებად ბოლო წუთებზე გატანილი გოლი რომ დასჭირდა, ეს „სანდერლენდის“ ნახევარმცველის, სებასტიან ლარსონის დამსახურებაა. შვედმა შუახაზელმა თავი საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა. 29 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე პრემიერლიგაში გატანილი უკვე 11 ჯარიმაა. ის მხოლოდ დევიდ ბექჰემს (15), ჯანფრანკო ძოლასა (12) და ტიერი ანრის (12) ჩამორჩება.

პრემიერლიგის გასული ტური სტუმართა უპირატესობით გამოირჩა. შაბათ დღეს გამართული 7 მატჩიდან 6 მეტოქის მოედანზე მოთამაშე გუნდებმა მოიგეს. ერთ სათამაშო დღეს სტუმრებს უფრო მეტი მოგება მხოლოდ ერთხელ, 1994 წელს ჰქონდათ.

ესპანეთი

ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერმა, მადრიდის „რეალმა“ ანგარიშით 3:0 ზედიზედ მე-2 თამაში მოიგო. ანჩელოტის შეგირდებმა „ხეტაფეს“ კარი სამივე შემთხვევაში მე-2 ტაიმში აიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამეფო კლუბის“ ერთი წარმატებული სერია შეწყდა. მადრიდელებს, ლა ლიგის ბოლო 17 შეხვედრაში, პირველ ტაიმში გოლი ყოველთვის გაჰქონდა. ესპანური ფეხბურთის რეკორდი ზედიზედ 19 თამაშია, რასაც „რეალი“ ვერ შესწვდა.

მადრიდელთა ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი გაიფორმა და ის სტუმრად გატანილი გოლების მიხედვით „რეალის“ ისტორიაში საუკეთესო გახდა. პორტუგალიელს, ლა ლიგის გასვლით მატჩებში, 89 გოლი აქვს გატანილი. აქამდე საუკეთესო შედეგის მქონე რაულის ანგარიშზე კი 87 ბურთია.

„ესპანიოლის“ კარში გატანილი 2 ბურთის შემდეგ, რონალდუს, პრიმერას პირველ წრეში, 28 ბურთი დაუგროვდა. პორტუგალიელმა ლიონელ მესის მიერ 2012/13 წლების სეზონში დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

„რეალის“ მე-7 ნომერს პირველი გოლი ქარიმ ბენზემამ გაატანინა და ფრანგი თავდამსხმელი რონალდუს კარიერაში საუკეთესო ასისტენტი გახდა. პორტუგალიელს, ბენზემას პასით, 28 გოლი აქვს გატანილი. ბენზემამ, ამ მაჩვენებლით, მესუთ იოზილს გადაასწრო.

რონალდუს მსგავსად, გოლების გატანას განაგრძობს ლიონელ მესიც. „დეპორტივოსთან“ 4:0 მოგებულ შეხვედრაში არგენტინელი გუნდს 3 ბურთით დაეხმარა. მესის, ლა ლიგაში, 22 ჰეთ თრიქი დაუგროვდა. ის ტელმო სარასა და ალფრედო დი სტეფანოს გაუტოლდა. „ბარსას“ ლიდერი ამ მხრივ რეკორდსმენ კრიშტიანუ რონალდუს ერთი ჰეთ თრიქით ჩამორჩება. თუ სხვა ტურნირებსაც მივათვლით, ეს მესის 30-ე ჰეთ თრიქი იყო, ესპანური ფეხბურთის რეკორდი კი 31 ჰეთ თრიქია, რომელსაც ტელმო სარა ფლობს.

მესიმ პირველი გოლი თავით გაიტანა, რაც „ბარსას“ მოგების გარანტიას აძლევდა. საქმე ისაა, რომ თუ მესის თავით გოლი გააქვს, მისი გუნდი აუცილებლად იგებს. არგენტინელის კარიერაში ასეთი რამ მეთხუთმეტედ მოხდა.

„ბარსელონამ“, „რიასორზე“, ზედიზედ მე-4 თამაში მოიგო. კატალონიელებს ამ სტადიონზე ასეთი სერია აქამდე არასდროს ჰქონიათ. „ბარსამ“, „დეპორტივოსთან“ სტუმრად ჩატარებულ უკანასკნელ 4 შეხვედრაში, 16 გოლის გატანა მოახერხა.

„დეპორტივოსა“ და „ბარსელონას“ შორის გამართული შეხვედრა გამორჩეული იმით იყო, რომ მიმდინარე სეზონში პირველად, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის სასტარტო შემადგენლობა გაიმეორა. „ბარსამ“ იმ თერთმეტეულით ითამაშა, რომლითაც „ატლეტიკოს“ სძლია. სეზონის დანარჩენ 27 თამაშში კატალონიელებმა სხვადასხვა ძირითადი შემადგენლობით ითამაშეს.

საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა „ვილიარეალსა“ და „ბილბაოს“ შორის გამართულ შეხვედრაში. მასპინძელთა შემტევი დენის ჩერიშევი ესპანეთში 1996-2002 წლებში მოთამაშე დიმიტრი ჩერიშევის შვილია. უფროს ჩერიშევს „ბილბაოს“ კარში გოლი გატანილი ჰქონდა და ბასკური გუნდი პირველია, რომელსაც როგორც მამა, ასევე შვილმა ჩერიშევმა გაუტანა.

„ვილიარეალთან“ წაგების შემდეგ, „ბილბაოს“ 19 ტურის შემდეგ, მხოლოდ 19 ქულა აქვს. ბასკებს პრიმერას პირველი წრის შემდეგ ამაზე ცუდი შედეგი მხოლოდ 2005/06 წლების სეზონში ჰქონდათ, როდესაც 19 თამაშის შემდეგ თავი 15 ქულას მოუყარეს.

„კორდობასა“ და „ეიბარს“ შორის გამართულ შეხვედრაში ესპანური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უსწრაფესი გოლი გავიდა. მასპინძელთა თავდამსხმელმა, ფლორიან ანდონმა მეტოქის კარი თამაშის დაწყებიდან 9.8 წამის შემდეგ აიღო. ლა ლიგაში ამაზე სწრაფი გოლი მხოლოდ ფერნანდო ლიორენტეს (7.3), სეიდუ კეიტასა (7.6) და დარიო სილვას (8) გაუტანიათ.

შეხვედრის მიწურულს მორიგი გოლი გაიტანა „ესპანიოლმა“. კატალონიელებმა „სელტას“ 90-ე წუთზე გატანილი ერთადერთი ბურთით სძლიეს. „ესპანიოლის“ მიერ მიმდინარე გათამაშებაში გატანილი 22 გოლიდან ბოლო 15 წუთზე 59% მოდის, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯერჯერობით, ისტორიაში საუკეთესო სეზონი აქვს „სევილიას“. ანდალუსიელებმა, პირველ 19 თამაშში, 39 ქულა მოაგროვეს, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.

იტალია

„მილანის“ ათამაშებას საშველი არადა არ დაადგა. „როსონერიმ“ კალენდარული წელი 3-მატჩიანი მოუგებელი სერიით დაიწყო, რაც 1978 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, საკუთარ მოედანზე გამართულ შეხვედრაში „მილანი“ მდევრის როლში მეოთხედ აღმოჩნდა და ინძაგის შეგირდებმა ანგარიშის გათანაბრება ვერცერთხელ მოახერხეს. შედეგად, ზედიზედ მე-3 სეზონში, „მილანმა“ პირველი წრე საუკეთესო 7 გუნდს მიღმა დაასრულა.

მორიგი სწრაფი გოლის გაშვება ქულების დაკარგვად დაუჯდა „რომას“. რუდი გარსიას გუნდი ერთადერთია, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში, 3 სხვადასხვა შეხვედრის საწყის 3 წუთში, 3 გოლი გაუშვა. „პალერმოსთან“ გამართულ შეხვედრაში „რომამ“ შესანიშნავ ფორმაში მყოფი დიბალასგან გაუშვა. არგენტინელ თავდამსხმელს, მიმდინარე სეზონში, 10 გოლი დაუგროვდა. აქედან 8 ბურთი მან ბოლო 9 თამაშში გაიტანა.

სერია A-ს ბომბარდირთა დავის პირველ 4 ადგილს არგენტინელი ფეხბურთელები იკავებენ, მათგან ყველაზე კარგი შედეგი კი კარლოს ტევესს აქვს. „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა მე-19 ტურშიც გაიტანა და მას უკვე 13 გოლი დაუგროვდა. 2007/08 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა, პირველ წრეში, 13 გოლის გატანა მოახერხა. 8 წლის წინათ ეს შედეგი დავიდ ტრეზეგეს ჰქონდა.

კიდევ ერთი არგენტინელი, რომელიც ბომბარდირობისთვის იბრძვის, გონსალო იგუაინია. „ნაპოლის“ სამხრეთ ამერიკელი შემტევი „ლაციოს“ მეოთხედ დაუპირისპირდა და მან დედაქალაქელებს ამჯერადაც გაუტანა. იგუაინის ანგარიშზე „ლაციოს“ კარში გატანილი უკვე 7 ბურთია. ამჯერად, მან შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა.

უკვე დიდი ხანია „ემპოლის“ გულშემატკივრები სტადიონზე გოლის სანახავად ტყუილად მიდიან. ლევან მჭედლიძის გუნდის ბოლო 4 საშინაო თამაში 0:0 დასრულდა. უკანასკნელ მათგანში „ემპოლი“ მილანი „ინტერს“ დაუზავდა.

საფრანგეთი

საფრანგეთის ლიგა ერთში შედეგიან თამაშს განაგრძობს ალექსანდრ ლაკაზეტი. „ლიონის“ შემტევმა 21-ე ტურში „ლანსთან“ გამართულ შეხვედრაშიც გაიტანა და მას უკვე 20 გოლი დაუგროვდა. საფრანგეთის ჩემპიონატში 1977/78 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ფეხბურთელმა 21 ტურში 20 გოლი გაიტანა. 37 წლის წინათ ასეთი შედეგი კარლოს ბიანკის ჰქონდა.

ევროპის წამყვან ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობით ლაკაზეტი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება. თუმცა, პორტუგალიელი ვარსკვლავისგან განსხვავებით, ფრანგი თავდამსხმელის თითქმის ყველა დარტყმა გოლია. „ლიონის“ 23 წლის შემტევს ბოლო 9 გოლის გასატანად მხოლოდ 12 დარტყმა დასჭირდა.

საკუთარ კედლებში კარის მშრალად შენახვა კვლავ უჭირს „ბორდოს“, რომელიც „ნიცასთან“ გამართულ შეხვედრაში უქულოდ დარჩა. ვილი სანიოლის გუნდმა, საშინაო არენაზე ჩატარებულ ბოლო 17 შეხვედრიდან გოლი მეთექვსმეტეში გაუშვა.

„ბორდოს“ წაგების ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია შეიკ დიაბატეს უთამაშებლობაც დავასახელოთ. „ბორდომ“, მიმდინარე სეზონში, 15 თამაშში 8 გოლის გამტანი თავდამსხმელის გარეშე 6 თამაში ჩაატარა და ვერცერთი მათგანი ვერ მოიგო.

21 ტურის შემდეგ „ბორდო“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც თამაშის პირველ 15 წუთში ჯერ გოლი არ გაუტანია.

იანვარში ტრადიციულად კარგად თამაშობს „,მონპელიე“. ამ გუნდმა, წლის პირველ თვეში ჩატარებული ბოლო 14 თამაშიდან მე-12 მოიგო. კურბისის გუნდის მორიგი მსხვერპლი „მეცი“ აღმოჩნდა, რომელსაც მორიგმა თერთმეტმეტრიანმა ვერ უშველა. მიმდინარე სეზონში, ამ გუნდის სასარგებლოდ უკვე მე-8 პენალტი დაინიშნა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა პსჟ-მ, მაგრამ პარიზელთა დაცვა მოწოდების სიმაღლეზე კვლავ ვერაა. „პარი სენ ჟერმენმა“ 2 ან მეტი ბურთი ჩემპიონატის ზედიზედ მე-2 თამაშში გაუშვა, ასეთი რამ კი 2012 წლის თებერვლის შემდეგ პირველად მოხდა.

ტურის ბოლო მატჩში „მარსელმა“ „გენგამი“ დაამარცხა. მასპინძელთაგან ერთი გოლი ჟინიაკმა, რა თქმა უნდა, თავით და რა თქმა უნდა, პაიეს ჩაწოდების შემდეგ გაიტანა. „მარსელის“ მე-9 ნომერმა უკანასკნელი 3 ბურთი სწორედ ასე გაიტანა.

ტრადიციად ქცეული ანგარიშით დასრულდა „რენისა“ და „სენტ ეტიენის“ დაპირისპირება. ამ გუნდების მატჩში გოლი 2013 წლის დეკემბრის შემდეგ არ გასულა. მას შემდეგ კი, „რენმა“ და „სენტ ეტიენმა“ უკვე მესამედ ითამაშეს.

ჰოლანდია

ჰოლანდიის ჩემპიონატში უცნაური წარუმატებლობა დასჩემდა „ფეიენორდს“. როტერდამულ გუნდს, „ტვენტესთან“ გამართულ შეხვედრაში, თერთმეტმეტრიანი კი დაუნიშნეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ფრედ რუტენის გუნდმა ეს შანსი ვერ გამოიყენა. 2013 წლის პირველ დეკემბერს, პსვ-სთან 3:1 მოგებული შეხვედრის 54-ე წუთზე, გრაციანო პელემ პენალტი გაიტანა, ხოლო 4 წუთში იგივე სტანდარტული მდგომარეობა თავად ვერ გამოიყენა. მას შემდეგ, „ფეიენორდის“ სასარგებლოდ კიდევ 4 თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომლებიც ოთხმა სხვადასხვა ფეხბურთელმა არაზუსტად დაარტყა.

0.145027