გერმანიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ტონი კროოსი საფეხბურთო ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2014 წლის საუკეთესო ფლეიმეიქერად დაასახელა.
გერმანელისთვის 2014 წელი მნიშვნელოვანი გამოდგა. კროოსმა ბუნდესნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის დასრულების შემდეგ მიუნხენის “ბაიერნიდან” მადრიდის “რეალს” მიაშურა.
ბოლო 6 წლის განმავლობაში აღნიშნული აღიარება კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელებს ჩავი ერნანდესს (2008, 2009, 2010, 2011) და ანდრეს ინიესტას (2012, 2013) ერგოთ.
IFFHS-მ ათი საუკეთესო ფლეიმეიქერის რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე კროოსი 110 ქულით გავიდა და მეორეადგილოსან ლიონელ მესის მხოლოდ ორი ქულით გაუსწრო. მესამე პოზიციაზე “სამეფო კლუბის” კიდევ ერთი ფეხბურთელი ხამეს როდრიგესია. კოლუმბიელი 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 23 წლის ფეხბურთელი 2014 წლის საუკეთესო გოლის ავტორიცაა.
აღნიშნულ რეიტინგში კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი იაია ტურეც მოხვდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რატომაა აფრიკის ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელი.
გაგაცნობთ IFFHS-ს ვერსიით 2014 წლის საუკეთესო ფლეიმეიქერთა ათეულს:
- ტონი კროოსი (გერმანია, “ბაიერნი”/”რეალი”) – 110 ქულა
- ლიონელ მესი (არგენტინა, “ბარსელონა”) – 108
- ხამეს როდრიგესი (კოლუმბია, “მონაკო”/”რეალი”) – 53
- ანდრეს ინიესტა (ესპანეთი, “ბარსელონა”) – 38
- იაია ტურე (კოტდივუარი, “მანჩესტერ სიტი”) – 29
- ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია, “ბაიერნი”) – 28
- ნეიმარი (ბრაზილია, “ბარსელონა”) – 21
- ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, “რეალი”) – 21
- ედენ აზარი (ბელგია, “ჩელსი”) – 18
- ივან რაკიტიჩი (ხორვატია, “სევილია”/”ბარსელონა”) – 5