ფეხბურთი

17:10 | 18.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოვინკო კარიერას “ტორონტოში” გააგრძელებს

ამერიკული ვებგვერდის sportsnet.ca-ს ინფორმაციით, იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი სებასტიან ჯოვინკო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას MLS-ის ბინადარ კანადის კლუბ “ტორონტოში” გააგრძელებს.

27 წლის ფეხბურთელს “ბიანკონერისთან” კონტრაქტი 2015 წლის ივლისამდე აკავშირებს. თავდამსხმელი “იუვენტუსთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს ამბობს და შესაბამისად ზაფხულში ტორონტოს კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ იტალიელი “ტორონტოსთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში ანაზღაურების სახით 7 მილიონ დოლარს მიიღებს. როგორც ირკვევა, კანადელები მომავალ ტრანსფერს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად დააანონსებენ, ხოლო ზაფხულში ფეხბურთელს გულშემატკივრებს წარუდგენენ.

მიმდინარე სეზონში მასიმილიანო ალეგრი ჯოვინკოს არ სწყალობს. იტალიელმა ტურინული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 10 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. თავდამსხმელი მინდორზე ერთ მატჩში საშუალოდ 26 წუთით ჩნდება და ფეხბურთელსაც კლუბის გამოცვლის სამართლიანი მიზეზი აქვს.

0.110855