ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დღეს პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩში ლონდონის “არსენალის” კარს “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ კვლავ ვოიცეხ შჩესნი დაიცავს. აღნიშნული გადაწყვეტილება “მეთოფეთა” თავკაც არსენ ვენგერს მიუღია.
პოლონეთის ეროვნული ნაკრების მეკარე 1-ელ იანვარს “საუთჰემპტონთან” (0:2) წაგებული მატჩის შემდეგ სიგარეტის ხელში გამოიჭირეს და ფრანგმა სპეციალისტმა შჩესნი 20000 გირვანქათი დააჯარიმა. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გოლკიპერმა ბოდიში მოიხადა და ვენგერმაც ვოიცეხს აპატია.
ახალ წელს გამართული მატჩის შემდეგ პოლონელს “არსენალის” კარი არ დაუცავს და შესაბამისად “ჰალის” და “სტოკის” წინააღმდეგ მონაწილეობა არ მიუღია. “მეთოფეთა” კარის დარაჯი აღნიშნულ მატჩებში კოლუმბიელი დავიდ ოსპინა გახლდათ.
პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩი “მანჩესტერ სიტისა” და ლონდონის “არსენალს” შორის დღეს “ეტიჰადზე” თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.