როგორც ჩანს, მადრიდის “რეალის” წარმომადგენლებმა დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველ მარკო როისთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს.
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა El Confidencial-ი ირწმუნება, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი “სამეფო კლუბთან” 5-წლიან შეთანხმებას მოაწერს ხელს.
ცნობილია, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მარკოს მოქმედ კონტრაქტში ამოქმედდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, როისის სატრანსფერო ღირებულება 25 მილიონი ევროთი განისაზღვრება. “რეალის” მაღალჩინოსნები სასურველი მოთამაშის შესაძენად ამ თანხას გადაიხდიან და ამავდროულად, მიუნხენის “ბაიერნი” “ყვითელ-შავების” ფეხბურთელით კიდევ ერთხელ ვერ გაძლიერდება.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში როისმა 7 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა გააკეთა. მარკოს “დორტმუნდთან” კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.