ჩოგბურთი

13:15 | 13.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი: “ავსტრალიაში ჩემპიონობის რეალური შესაძლებლობა მაქვს”

სადიდსლემო ტურნირების სარეკორდო რაოდენობით, 17-ჯერ მომგები როჯერ ფედერერი ავსტრალიის მორიგი ღია პირველობას ამაღლებულ გუნება-განწყობაზე ხვდება. 33 წლის შვეიცარიელმა გასულ კვირას საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში მეათასე შეხვედრა მოიგო და Tennis World-ის კორესპონდენტთან საუბარში აცხადებს, რომ წლის პირველი დიდი სლემის ტურნირზე გამარჯვების შანსი და იმედი აქვს.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის კარიერის მეათასე მატჩის მოგება?

- საერთოდ რიცხვებს ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ ამჯერად ჩემთვის განსაკუთრებულ მომენტთან გვაქვს საქმე. მილოშ რაონიჩთან შეხვედრა და ეს მოგება არასდროს დამავიწყდება. ამასთან ისიც მახარებს, გამარჯვება სამსეტიანი პაექრობით რომ მოვიპოვე. ჯერ კიდევ გავითავისე, 1000 მატჩი რომ მაქვს მოგებული. განუმეორებელი ემოცია მეუფლება - მიღწეულით ვამაყობ და ბედნიერი ვარ.

- კარიერული მოგებების რაოდენობით მესამე პოზიციაზე ხართ. 1253 გამარჯვებით ლეგენდარული ამერიკელი ჯიმი კონორსი ლიდერობს. მისი შედეგის გაუმჯობესება რეალურად მიგაჩნიათ?

- ჩემი მიზანი და ამოცანა შეძლებისდაგვარად დიდხანს თამაშია. საამისოდ კი ჯანმრთელობის და სპორტული ფორმის ხანგრძლივად შენარჩუნებაა აუცილებელი. დარწმუნებული ვარ, საასპარეზო მოტივაცია არ გამინელდება, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

- გჯერათ, რომ საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში მეთვრამეტედაც მოახერხებთ დიდი სლემის ტურნირის მოგებას?

- მჯერა, მაგრამ ეს იოლი გასაკეთებელი არაა. იმისიც მჯერა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებაში ჩემპიონობის რეალური შესაძლებლობა მაქვს. ამის რომ არ მწამდეს, მელბურნის ასპარეზობაზე მონაწილეობას არცკი მივიღებდი და შვეიცარიაში გავფრინდებოდი.

- გულშემატკივრები და სპეციალისტები “საჩოგბურთო გენიოსად” მოგიხსენიებენ. ეთანხმებით ამგვარ შეფასებას?

- გენიოსს იმ ადამიანს ვუწოდებდი, რომელიც მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული, ჭკუით, ინტელექტითა და განათლებით გამოირჩევა. მე კი მხოლოდ და მხოლოდ ჩოგბურთელი გახლავართ.

0.122837