ფეხბურთი

1:35 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

1:1 “ბაიერნისა” და “ატლეტიკოს” სასარგებლოდ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩებში მოგება ვერცერთმა ფავორიტმა მოახერხა. თუ “ბაიერნმა” სასურველი შედეგი მაინც დააფიქსირა, ამას “ბარსელონაზე” ვერ ვიტყვით.

ტატა მარტინოს გუნდი, მიმდინარე სეზონში, “ატლეტიკოს” მეოთხედ დაუპირისპრიდა და კატალონიელებმა მოგება ვერც ამჯერად მოახერხეს, მაგრამ კვლავ არც თავად წააგეს.

“კამპ ნოუზე” გამართულ მატჩში უფრო ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებას სტუმრები ტოვებდნენ. ბურთს “ბარსა” აკონტროლებდა, მაგრამ პინტოს შეცდომების წყალობით, მეტოქის კარს უფრო ხშირად მადრიდელები ემუქრებოდნენ. მასპინძელთა მეკარის ერთ-ერთი შეცდომის შემდეგ, დავიდ ვილია ძალიან კარგ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ასტურიელმა ყოფილი გუნდის კარს მცირე მანძილით ააცილა.

“ბარსელონამ”, პირველ ტაიმში, ერთი სახიფათო მომენტი შექმნა. 26-ე წუთზე, მესიმ მირანდა ისე მოატყუა, როგორც პირველ აპრილს შეეფერებოდა და ინიესტას შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა, მაგრამ ესპანელი ფეხბურთელის დარტყმას გოდინი გადაეფარა.

პირველი ტაიმიდან ასევე აღსანიშნავია მთავარი მწვრთნელების მიერ განხორციელებული თითო იძულებითი ცვლილება. მე-12 წუთზე პიკემ, ხოლო 30-ე წუთზე დიეგო კოსტამ კუნთის ტრავმები მიიღეს და მათ მოედნის დატოვება მოუხდათ.

მე-2 ტაიმის დასაწყისში სიტუაცია არ შეცვლილა – ბურთს მასპინძლები აკონტროლებდნენ, მაგრამ სტუმრები თავს კარგად იცავდნენ.

თამაში დაახლოებით 10 წუთის განახლებული იყო, როდესაც წინ “ატლეტიკო” გავიდა. მოედანზე კოსტას ნაცვლად შესულმა დიეგომ საჯარიმოს გარედან ძალიან კარგად დაარტყა, რასაც პინტოს მორიგი შეცდომა და ბურთის ახლო ზედა კუთხეში გასვლა მოჰყვა.

სიტუაცია 68-ე წუთიდან შეიცვალა, როდესაც მარტინომ სანჩესი მოედანზე ფაბრეგასის ნაცვლად შეუშვა. ჩილელ შემტევს თამაში დიდად არ გაუმწვავებია, მაგრამ მოედანზე ფეხბურთელთა გადანაწილებამ თავისი შედეგი მოიტანა. ნეიმარმა მისთვის საყვარელ მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა, ხოლო ინიესტა ნახევარდაცვის ცენტრში დადგა. სწორედ ამ ფეხბურთელებმა შექმნეს “ბარსელონას” გოლი. ინიესტამ ბრაზილიელ თანაგუნდელს ძალიან კარგი გადაცემა გაუკეთა, ხოლო ნეიმარმა ერთი შეხებით დაარტყა და ანგარიში გათანაბრდა.

მალევე, საჯარიმოს გარედან სახიფათოდ უკვე თავად ინიეტსა ურტყამდა, მაგრამ კურტუამ მაღალი კლასი გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

“ბარსელონას” აქტიურობამ რამდენიმე წუთს გასტანა და “ატლეტიკომ” თავის კარგად დაცვა განაგრძო. მადრიდულ გუნდს ვერც მესიმ მოუხერხა რამე, რომლისთვისაც “ატლეტიკო” ერთ-ერთი საყვარელი გუნდია. იყო დრო, როდესაც არგენტინელს მადრიდელთა კარში, 15 თამაშში, 20 გოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ მან მეტოქეს ბოლო 5 მატჩში ვერ გაუტანა. არადა, ეს შეხვედრა მისთვის საიუბილეო იყო – მესიმ პროფესიონალურ კარიერაში მე-500 თამაში ჩაატარა.

“ატლეტიკოსთან” თამაში საიუბილეო იყო “ბარსელონასთვისაც”. კატალონიური გუნდი პირველია, რომელმაც ევროტურნირებზე 500 შეხვედრის ჩატარება მოახერხა. თუმცა, ტატა მარტინოს გუნდმა ამ მატჩის თავისთვის სასურველი შედეგით დასრულება ვერ მოახერხა.

“მანჩესტერისა” და “ბაიერნის” საამსეზონო ფორმის გათვალისწინებით, ინგლისში გამართული თამაშის ფავორიტებად სტუმრები მიიჩნეოდნენ, მაგრამ “წითელმა ეშმაკებმა” “რეკორდმაისტერს” ინგლისში ზედიზედ მეხუთედ მოგების საშუალება არ მისცეს.

პირველ ტაიმში გუნდებს 2-2 სახიფათო მომენტი ჰქონდათ. სტუმართა მხრიდან რობენი აქტიურობდა, რომელმაც ერთხელ არაზუსტად დაარტყა, ხოლო ჰოლანდიელის მე-2 ცდის დროს თავი დე ხეამ გამოიჩინა.

რობენზე უკეთესი შანსები ჰქონდა უელბეკს. პირველ შემთხვევაში, მან ხავი მარტინესს ბურთი თავზე ლამაზად გადაუგდო და გოლიც გაიტანა, მაგრამ არბიტრმა სახიფათო თამაში დააფიქსირა. ველასკო კარბალიოს გადაწყვეტილება მინიმუმ საკამათო იყო. მე-2 შემთხვევაში, უელბეკი ნოიერთან პირისპირ გავიდა და ინგლისელმა მეკარისთვის ბურთის თავზე გადაგდება გადაწყვიტა, მაგრამ გერმანელი კიპერი მას ჩანაფიქრს მიუხვდა.

მე-2 ტაიმი მასპინძელთათვის კარგად დაიწყო. 58-ე წუთზე, რუნიმ ბურთი კუთხურიდან ჩააწოდა, ვიდიჩისთვის წინააღმდეგობის გასაწევად “ბაიერნში” არავინ მოიძებნა და სერბმა მცველმა თავით ზუსტად დაარტყა.

ამის შემდეგ უპირატესობას “ბაიერნი” ფლობდა, რომელმაც ანგარიში 67-ე წუთზე გაათანაბრა. მარჯვენა ფლანგიდან ლამის ჩაწოდების შემდეგ, საპირისპირო მხარეს მყოფმა მანჯუკიჩმა კარისკენ დაძრულ შვაინშტაიგერს ბურთი თავით დაუგდო, ხოლო გერმანელმა ნახევარმცველმა დე ხეას აუღებელი დაურტყა.

“ბაიერნის” მხრიდან გოლის ავტორი განმეორებით თამაშს გამოტოვებს. ამის მიზეზი ისაა, რომ 90-ე წუთზე, რუნისთან უხეშობის გამო, მან მე-2 ყვითელი და შესაბამისად წითელი ბარათი მიიღო. მის მსგავსად, “ალიანც არენაზე” ვერ ითამაშებს ხავი მარტინესი, რომელმაც ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა.

სერიოზული დანაკლისის მიუხედავად, “ბაიერნის” გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველი მაინც აქვთ. მათმა გუნდმა, ევროტურნის ფლეი ოფის პირველ მატჩში, სტუმრად 1:1 აქამდე 11-ჯერ ითამაშა და მიუნხენელები შემდეგ ეტაპზე გასვლას ყოველთვის ახერხებდნენ. გარდა ამისა, ევროტურნირების ისტორიის გათვალისწინებით, ეს ანგარიში მომდევნო ეტაპზე გასვლის 74.5 პროცენტიან გარანტიას იძლევა.

 

ბარსელონა-ატლეტიკო 1:1 (0:0)

ბარსელონა, “კამპ ნოუ” 79941

ბარსელონა (4-3-3): პინტო, ალვესი, პიკე (ბარტრა 12), მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი (სანჩესი 68), ნეიმარი, მესი, ინიესტა.

მწვრთნელი: ხერარდო მარტინო.

ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა, ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე, გაბი, ტიაგო, თურანი (როდრიგესი 77), ვილია (სოსა 70), კოკე, კოსტა (დიეგო 30).

მწვრთნელი: ატლეტიკო.

გოლები: 0:1 დიეგო (56), 1:1 ნეიმარი (71).

გაფრთხილებები: ინიესტა 56, ალბა 58 – კოკე 19, გაბი 38, თურანი 44, ხუანფრანი 52, დიეგო 80, სოსა 90+2.

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია).

ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 14 (8)-6 (3), კუთხური: 2-1, თამაშგარე: 0-3, სეივი: 2-7, ჯარიმა: 15-23.

 

მანჩესტერი-ბაიერნი 1:1 (0:0)

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი” 75199

მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა, ჯონსი, ფერდინანდი, ვიდიჩი, ბუტნერი (იანგი 74), ფელაინი, კერიკი, გიგზი (კაგავა 46), ვალენსია, რუნი, უელბეკი (ერნანდესი 85).

მწვრთნელი: დევიდ მოიესი.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი, რაფინია, მარტინესი, ბოატენგი, ალაბა, ლამი, შვაინშტაიგერი, რობენი, კროოსი (გიოტცე 74), რიბერი, მიულერი (მანჯუკიჩი 63).

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა.

გოლები: 1:0 ვიდიჩი (58), 1:1 შვაინშტაიგერი (67).

გაფრთხილებები: ვალენსია 15 – შვაინშტაიგერი 61, მანჯუკიჩი 82, მარტინესი 89.

გაძევება: შვაინშტაიგერი 90.

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი).

ბურთის ფლობა: 30%-70%, დარტყმა: 6 (5)-15 (9), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 0-0, სეივი: 8-4, ჯარიმა: 12-10.

0.127814