FIFA.com-ის და Francefootball.fr-ს მომხმარებლებმა 2014 წლის საუკეთესო გოლის ავტორად კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და ფრანგული "მონაკოდან" მადრიდის "რეალში" გადაბარგებული ხამეს როდრიგესი დაასახელეს. ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხამესმა მერვედფინალურ დაპირისპირებაში ურუგვაის ლამაზი გოლი გაუტანა.
ფერენც პუშკაშის სახელობის წლის საუკეთესო გოლის პრეტენდენტები როდრიგესი, რობინ ვან პერსი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ჰოლანდია) და სტეფენ როჩე ("პიმუნთ იუნაიტედი", ირლანდიის ქალთა ეროვნული ნაკრები). კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ხმების 42% მიიღო, მეორე ადგილზე ირლანდიელი ქალბატონი გავიდა (33%), ხოლო საპატიო მესამე ადგილი ვან პერსის (11%) ერგო.
პუშკაშის სახელობის ჯილდოს მიღების შემდეგ, ხამესმა შემდეგნაირი კომენტარი გააკეთა: "მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. განსაკუთრებული მომენტი იყო ჩემთვის და კოლუმბიელებისთვის. წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ."
როდრიგესი პირველი კოლუმბიელი ფეხბურთელია, რომელმაც აღნიშნულ საპატიო ტიტული მოიპოვა. 2012 წელს რადამელ ფალკაოც იყო ნომინირებული, თუმცა იმ დროისთვის მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი მეორე ადგილზე გავიდა.