ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ იტალიურ მედიასთან თავის კლიენტების, ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და მარიო ბალოტელის შესახებ გააკეთა კომენტარი. რაიოლას თქმით, ბალოტელი “მილანიდან” წასვლას არ ნანობს, ხოლო ზლატანის “რომაში” შესაძლო გადასვლაზე დარხეული ხმები სიმართლეს არ შეესაბამება.
“მარიომ ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება “მილანის” დატოვების შესახებ. იგი მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში გადაბრაგდა, მართალია, მას რთული პერიოდი აქვს, მაგრამ მარიო მშვიდადაა და ყველაფერს აკეთებს ძველი კონდიციების დასაბრუნებლად. “მილანის” დატოვება სწორი ნაბიჯი იყო.
რაც შეეხება მარიოს “იუვენტუსში” გადასვლას, ღია სატრანსფერო ფანჯრის დროს, ამგვარ თემებზე არ ვლაპარაკობ.
იბრაჰიმოვიჩი “რომაში”? არ მგონია. ზლატანს პსჟ-სთან კიდევ წელიწადნახევარი აკავშირებს კონტრაქტი. პარიზელები მის გაყიდვას ნამდვილად არ აპირებენ. “იბრა” საფრანგეთში რჩება”, – განაცხადა მინო რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს აქტიურად იწერება ბალოტელის ტურინში გადასვლის თაობაზე, ხოლო ცოტა ხნის წინ შვედურმა მედიამ იბრაჰიმოვიჩი ზაფხულში “რომაში” შესაძლო გადასვლაზეც გაავრცელა ხმა.