პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) განახლებულ რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 14-ადგილიანი წინსვლა განიცადა და 325 ქულით 157-ე ადგილზე დამკვიდრდა, რაც მის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ ჩოგანს წინსვლა ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული პრესტიჟული ტურნირის ძირითად ბადეში გასვლამ და იქ რუსი მიახილ იუჟნის დამარცხებამ მოუტანა, ამჟამად კი, ბასილაშვილი მელბურნში იმყოფება და ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციო ბადეში სათამაშოდ ემზადება.
სულ, ATP-ს კლასიფიკაციაში 6 ქართველი ჩოგბურთელია: 157 (171). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 325 ქულა; 542 (540). ალექსანდრე მეტრეველი – 59; 866 (865). გიორგი ცივაძე – 18; 1222 (1223). გიორგი ჯავახიშვილი – 6; 1418 (1421). ალექსანდრე ბაკში – 3; 1725 (1726). ირაკლი მეტრეველი – 1;
8 ქართველი ჩოგბურთელი ფიგურირებს ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) რეიტინგში, მათგან საუკეთესო კი, ძველებურად, სოფო შაფათავაა. მას დღეს 26 წელი შეუსრულდა, რასაც ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ.
218 (218). სოფო შაფათავა – 228 ქულა; 327 (327). ეკატერინე გორგოძე – 106; 424 (426). სოფო ქვაცაბაია – 68; 530 (528). ოქსანა კალაშნიკოვა – 45; 697 (699). მარიამ ბოლქვაძე – 24; 879 (880). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 13; 1109 (111). თამარ კუტუბიძე – 5; 1202 (1204). თამარ ჭალაგანიძე – 3;
მიმდინარე კვირაში კალაშნიკოვა ტაივანელ ჩინ-ვეი ჩანთან ერთად ავსტრალიურ ჰობარტში 250-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრში ჩაება, თუმცა, მარცხი განიცადა. ქართველი და ტაივანელი ჩოგბურთელები მე-4 განთესვის მქონე ესპანურ-რუმინულ დუეტთან (არუაბარენა-ოლარუ) 4:6, 6:7 (5:7) წააგეს.
თურქეთში, ანტალიის 10-ატასიან ტურნირში მოსინჯავენ ძალებს ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია. მე-2 ნომრად განთესილი გორგოძე კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – თურქ აილა აკსუს გაეჯიბრება, მე-4 რეიტინგის მქონე ქვაცაბაია კი რუს ვალენტინა კულიკოვას ეთამაშება.