არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ მოგებული (3:1) მატჩის შემდეგ ბოლოდროინდელი ცნობები “ბლაუგრანას” რიგებიდან აბარგების შესახებ უარყო და განაცხადა, რომ ესპანეთის დატოვებას არ აპირებს.
“ბევრი ინფორმაცია მოვისმინე თითქოსდა მამა “ჩელსის” და “მანჩესტერ სიტის” ჩემი ტრანსფერის შესახებ ესაუბრება, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. კლუბის დატოვებას არ ვაპირებ. აგრეთვე გავიგე, რომ წარსულში გვარდიოლასთან, ეტოოსთან, იბრაჰიმოვიჩთან და კრკიჩისთან ცუდი ურთიერთობა მქონია, მაგრამ ეს ინფორმაციაც მცდარია, ისევე როგორც ლუის ენრიკესთან კონფლიქტი სიმართლეს არ შეესაბამება. 6 თვე გავიდა, რაც ერთად ვართ და ბევრ რამეს მივაღწიეთ და გამოგონილი დაძაბული ურთიერთობით ჩვენთვის ზიანის მიყენება არასწორი საქციელია”, – განაცხადა მესიმ.
პრიმერა დივიზიონის მე-18 ტურში “ბლაუგრანამ” “როხიბლანკო” ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ბარსელონელთა მხრიდან მესამე გოლი 87-ე წუთზე არგენტინელმა ფეხბურთელმა გაიტანა. “სოსიედადის” წინააღმდეგ ესპანეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ლუის ენრიკემ მესი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, აღნიშნული ფაქტი კი ევროპულმა მედიამ ესპანელსა და არგენტინელს შორის კონფლიქტად მონათლა. დაძაბული ურთიერთობის აბსურდულობა მესისთან ერთად ლუის ენრიკემაც უარყო.