კალათბურთის ქართველ გულშემატკივარს “ცხელი ზაფხული” ელის. ჩვენი ეროვნული ნაკრები ევროპის პირველობის შესარჩევ მატჩებამდე საინტერესო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას და ტესტ-მატჩებსაც გამართავს. 10 აგვისტოდან კი ჩეხეთის, უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ჭიდილში ევრო2015-ის საგზურისთვის იბრძოლებს. ამ თემასა და ქართული კალათბურთის მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ გაბრიჩიძეს შევხვდით და მკითხველისთვის საინტერესო ინტერვიუც ჩავწერეთ. ჩემი და ბატონი მიხეილის დიალოგის გაცნობამდე კი ერთ მნიშვნელოვან ფაქტს შეგახსენებთ. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა ფიბა-ევროპის მუდმივმოქმედი კომისიების წევრებად აირჩიეს. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე ფიბა-ევროპის ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის წევრად დაამტკიცეს, გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის იურიდიულ საქმეთა კომისიაში იმუშავებს, ფედერაციის ფიბა-სთან და უცხოეთთან ურთიერთობის დირექტორი, ფიბა-ს კომისარი მერაბ რატიშვილი კი ფიბა-ევროპის სააპელაციო კომისიის წევრად დამტკიცდა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ფიბა-ევროპის მუდმივმოქმედ კომისიებში 4 წლის ვადით იმუშავებენ. ყოველივე ეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციისადმი ნდობის გამოხატულებაა და ჩვენი კალათბურთის მაღალ ავტორიტეტზეც მიუთითებს.
- მაისის მიწურულს საქართველოში მორიგი სეზონი დასრულდა. რა შეფასებას მისცემდით 23-ე ეროვნულ ჩემპიონატსა და მთლიანად სეზონს?
- როდესაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შევუდექი, სეზონი უკვე დაწყებული იყო. გვყავს ახალი ჩემპიონი, თბილისის “დინამო”, რომელიც წინასასეზონოდ საგრძნობლად მომძლავრდა და მის შემადგენლობაშიც ჩემი აზრით ჩვენ ქვეყანაში მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელები იყვნენ. ვგულისხმობ როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მოთამაშეებს. დადებითად შევაფასებ დინამოელთა მწვრთნელების მიერ გაწეულ სამუშაოს. ირაკლი ხოშტარია 20 წლამდე ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელად დავნიშნეთ. მას ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს, იმედია, როგორც სპეციალისტი გაიზრდება, რაც არა მარტო ერთი კონკრეტული კლუბისთვის, არამედ მთლიანად ქართული კალათბურთისთვის იქნება სასარგებლო. საქებარი სიტყვებით უნდა მოვიხსენიოთ “ქუთაისის” გამოსვლაც. გუნდმა საქართველოს თასი და სუპერთასი მოიპოვა. ოღონდ ერთია, თუკი ქუთაისლებმა მათი საასპარეზო არენის იატაკი არ გამოასწორეს, იძულებულნი გავხდებით, მატჩები სხვა სარბიელზე გავმართოთ. ამ თემაზე საუბარი მქონდა ქუთაისის მერობის კანდიდატთან, იმერეთის გუბერნატორთან და იმედია, საქმე სასიკეთოდ გადაწყდება.
ჩვენ ეროვნულ პირველობაზე რამდენიმე ახალგაზრდა, პერსპექტიულმა კალათბურთელმა გამოიჩინა თავი. მათ ყურადღება ეროვნული ნაკრების დამრიგებლებმა მიაქციეს. ამჯერად მათ ვინაობას ვერ დაგიკონკრეტებთ, უმჯობესია ეს მწვრთნელებმა გააკეთონ.
ახალი სეზონისა და ჩემპიონატის ჩატარების სტრუქტურას რაც შეეხება, ბევრი რამ თანხებზე იქნება დამოკიდებული. იყო და არის საუბარი რეგულარული პირველობის ოთხ წრედ გამართვის თაობაზე. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ხარჯები, კლუბების ბიუჯეტი.
- თქვენი აზრით, სახელმწიფომ კალათბურთს უპირველესად რა მიმართულებით უნდა აღმოუჩინოს დახმარება?
- ჩვენი უმთავრესი სირთულე არასათანადო ინფრასტრუქტურაა. კლუბებს და ბავშვებსაც სათანადო სავარჯიშო პირობები არ აქვთ. დარბაზების სიმწირეა, ამიტომაც კალათბურთელებს სრულფასოვნად წვრთნის საშუალება არ აქვთ. მაგალითისთვის, მოთამაშემ ტყორცნათა სიზუსტე რომ დახვეწოს და გააუმჯობესოს, ყოველდღიურად 500-1000 სროლა მაინც უნდა განახორციელოს. ბევრი საამისო პირობას მოკლებულია. კლუბების დაფინანსებას რაც შეხება, სახელმწიფომ ისინი მინიმალური თანხით, ლოჯისტიკური ხასიათის გასაწევი ხარჯისთვის უნდა დააფინანსოს. დანარჩენი და უმთავრესი დაფინანსების წყარო კლუბების მენეჯმენტის მოსაძიებელ-მოსაპოვებელია. ეს მათ მარიფათზეა დამოკიდებული და მათივე გადასაწყვეტია, გუნდის დაკომპლექტების საქმეც - მოიწვევნ ძლიერ ლეგიონერებს თუ ქართველი კალათბურთელებით შეეცდებიან ფონს გასვლას. ჩვენთვის კი უმნიშვნელოვანესია, რომ კლუბი რომელიც ჩემპიონატს დაიწყებს, სეზონი უპრობლემოდ დაასრულოს.
ფინანსურმა არასტაბილურობამ გასულ სეზონში ყველაზე მეტად “სოხუმი” აზარალა. მისი ჩემპიონატს ჩამოშორობა ტრაგედია იქნებოდა. ამ სახელწოდების გუნდის ასპარეზობა ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატში საიმისო დასტურია, რომ სოხუმი ქართული ქალაქია. ადრე თუ გვიან გავერთიანდებით და საქართველოს ეროვნული პირველობის მატჩები სოხუმშიც ჩატარდება. სადღეისოდ კი იმას ვიტყოდი, რომ “სოხუმი” კოლორიტული გუნდია, მისი თამაში ჩვენ ეროვნულ ჩემპიონატს მეტ პეწს სძენს. მის რიგებში არაერთი წარმატებული კალათბურთელი აღზრდილა, წლეულს კი გუნდის კაპიტანი ირაკლი ჩლაიძე საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაშია შეყვანილი. “სოხუმი” მიზანმიმართულად, კარგად მუშაობს ბავშვთა აღზრდის ასპექტით. მისი ერთ-ერთი დამრიგებელი თეიმურაზ კანკია ასაკობრივ ნაკრებში დამრიგებლად ავიყვანეთ. ვიმედოვნებ, “სოხუმს” გვერდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა დაუდგება და გუნდიც კაზუსების გარეშე შეძლებს ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებას.
მოგეხსენებათ, შარშან ერთდროულად 3 საუნივერსიტეტო გუნდი გამოეთიშა საქართველოს ჩემპიონატს. ამის გამო დაახლოებით 40 მოთამაშე კალათბურთს ჩამოშორდა. არ უნდა დავუშვათ ამდენი მოთამაშის ქუჩაში აღმოჩენა. ამჟამად საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციასთან ვმუშაობთ და გვინდა ერთობლივი ჩემპიონატი ჩავატაროთ. რამდენიმე მიმართულების იდეა გვაქვს და იმედია, რომელიმე მათგანს ხორცხს შევასხამთ. გამართული სტუდენტური ლიგა ჩვენ კალათბურთს სასიკეთოდ წაადგება. ამასთან სტუდენტები ჩვენი საზოგადოების აქტიური ნაწილია და ჩვენი დიდი სურვილია, მათი ენთუზიაზმი, ენერგია სწორი მიმართულებით მივმართოთ. ეს ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვისა და პოპულარიზაციისთვისაც მნიშვნელოვანია.
ჩვენი მიზანია დაინერგოს სისტემა, რომელიც მოგვცემს საშუალებას 10-15 წლიან პერსპექტივაში, ქვეყნის განვითარებასთან ერთად, კალათბურთი აქციოს ეკონომიკის ერთ-ერთ დარგად თავისი საკუთარი ინფრასტრუქტურით, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული სახელმწიფო დოტაციაზე თუ მეცენატების აქტივობაზე. ფიბა, სხვა საერთაშორისო სპორტული ფედერაციების მსგავსად, ისწრაფვის სახეობის კომერციალიზაციისაკენ. თანამედროვე საკალათბურთო მოთხოვნებს დიდძალი მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი სჭირდება. აუცილებელი პირობაა ფიბასთან მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია. ამიერიდან ფიბა ყველა კონტინენტზე ერთიანი პოლიტიკის გატარებას აპირებს და რეგიონალური ფედერაციების დამოუკიდებლად მოქმედებაც გარკვეულწილად შეიზღუდება, ყველა კონტინენტსა და ლიგაში ერთიანი წესები იმოქმედებს. ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას საკუთარი წარმომადგენელი ფიბაში ეყოლებათ. კიდევ უფრო გაღრმავდება კალათბურთის გლობალიზაციის საქმე. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი 1989 წელს გადაიდგა, როდესაც ნბა-ს კალათბურთელებს ოლიმპიადაზე გამოსვლის ნება დართეს. თანდათან გაიზარდა ევროპელთა წარმომადგენლობა პლანეტის უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში.
- ცოტა ხნის წინ 3X3-ზე კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატს დაესწარით. საქართველოში ამ სახეობის განვითარების პერსპექტივა როგორ გესახებათ?
- 3X3-ზე კალათბურთის 2 ახალი მოედანი ჩამოვიტანეთ და მალე 11 ქალაქში ეროვნული ჩემპიონატის მატჩებსაც გავმართავთ. პირველობა “თბილისი მოლში” 22 ივნისს გაიხსნება. 3X3-ზე კალათბურთი თანდათან სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ახლახან დასრულებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 35 ქვეყნის 48 ნაკრებმა (მამაკაცთა და ქალთა 24-24 გუნდმა) იასპარეზა. ქალებში ამაერიკელებმა იმარჯვეს, მამაკაცებში - ყატარელებმა. ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. იმედია, წარმატებით ვითამაშებთ და კონტინენტის პირველობაზე ასპარეზობის საგზურს მოვიპოვებთ. 3X3-ზე კალათბურთი უკვე შეტანილია მომავალ წელს ბაქოში ჩასატარებელ ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე. დიდი ალბათობით ამ სახეობას 2020 წლის ოლიმპიადის პროგრამაში შეიტანენ. ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ 3X3-ზე კალათბურთის საქართველოში განვითარებას.
- ბოლოს მთავარზეც ვთქვათ. აგვისტოში საქართველოს ნაკრები ევროპის 2015 წლის შესარჩევი ციკლის მატჩებს გამართავს...
- ვფიქრობ, ეროვნული გუნდის წევრებს სათანადო მზადებისთვის კარგი გეგმა შევიმუშავეთ და მზადებაც ნაყოფიერი გამოდგება. 23 ივნისიდან ბიჭები თბილისში შეიკრიბებიან და ძირითადად ფიზიკურ მზადებას გაივლიან. 5 ივლისს გუნდი სლოვენიაში, კერძოდ პოდჩეტრეკში გაემგზავრება. იქ ყველა პირობაა შექმნილი მაღალ დონეზე მოსამზადებლად. 16-18 ივლისს მაკედონიის ტურნირზე ვიასპარეზებთ, სადაც ჩვენთან ერთად მასპინძლები, ავსტრიელები და რუმინელები ითამაშებენ. ამის შემდეგ გუნდი პოდჩერტეკში დაბრუნდება და 22-24 ივლისს ტურნირის ფარგლებში სლოვენიას, უკრაინას და კანადას გავეჯიბრებით. დამეთანხმებით, რთულ და საინტერესო მეტოქებთან დაპირისპირება მზადებისთვის მნიშვნელოვანი მომენტია. 28 და 30 ივლისს ლიტვაში, იქაურ ნაკრებს გავეჯიბრებით, 2-4 აგვისტოს კი თბილისში, “მერიის თასზე” გამოვალთ. ჩვენ დედაქალაქს დიდი ბრიტანეთის, ბელარუსისა და მოლდოვას ნაკრებები ესტუმრებიან. 10 აგვისტოს საკვალიფიკაციო ციკლს ჩეხებთან მატჩით ვიწყებთ, შემდეგ კი მიჯრით 3 გასვლითი შეხვედრა გვიწევს. ამჯერად, საგარეო ასპარეზობების წინ უნგრეთში, პორტუგალიასა და ჩეხეთში ერთი დღით ადრე ჩავალთ.
ბიჭები მაღალ დონეზე გამოსვლით მოტივირებულები არიან და იმედია, ჯგუფში საბოლოოდ პირველ ადგილს დავიკავებთ. მთავარია ტრავმები ავიცილოთ თავიდან და ამ შემთხვევაში რაიმე გაუგებრობას გამოვრიცხავ. მწამს ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოვიპოვებთ, ხოლო რომელ ქვეყანაში ჩატარდება საკალათბურთო ევრო2015, შემოდგომაზე გვეცოდინება.